კახაბერ ქემოკლიძე - როგორც წინა, ისე მოქმედ ხელისუფლებას არ ესმის, რა არის დემოკრატია, მცდელობაა, რომ პოლიტიკური ველი ჩაიკეტოს ორი მსხვილი მოთამაშისთვის
კახაბერ ქემოკლიძე - როგორც წინა, ისე მოქმედ ხელისუფლებას არ ესმის, რა არის დემოკრატია, მცდელობაა, რომ პოლიტიკური ველი ჩაიკეტოს ორი მსხვილი მოთამაშისთვის

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრების რეგიონებში შეხვედრებს აკვირდებიან.

მისივე თქმით, დღეს უსაფრთხოების სექტორში ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი.

„ბოლო პერიოდში ჩვენთვის საკმაოდ სამწუხარო ფაქტებს ვადევნებთ თვალყურს. გიორგი გახარია და მისი გუნდის წევრები ბოლო ორი დღის განმავლობაში ვიყავით კახეთში, კერძოდ, გურჯაანსა და თელავში, რა დროსაც, ჩვენდა სამწუხაროდ, ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურები ზედმიწევნით დეტალურად აკვირდებოდნენ ამ პროცესებს. სამწუხარო ფაქტია იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ქვეყანას უსაფრთხოების, დაზვერვის, არსებული ოკუპაციის კუთხით აქვს დღეის მოცემულობით უკიდურესად ბევრი გამოწვევა, სუს-ის და შსს-ს რესურსი სცდება, რომ დააკვირდნენ გახარიას შეხვედრებს, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.

ჩემი აზრით, დღეს უსაფრთხოების სექტორში არის გაცილებით ბევრი პრობლემაა მოსაგვარებელი, ვიდრე ის, რომ უსაფრთხოების სამსახურები აკვირდებოდნენ, თუ ვის ხვდება ყოფილი პრემიერი. ის ფაქტები, რაც ჩვენ დავაფიქსირეთ, ჩანს ფოტოებზეც და ვიდეოებშიც. ეს არის გახარიას ესკორტის ავტომობილებით დაყოლა. ეს არის ის მავნებლური პრაქტიკა, რომელიც იყო 2011-2012 წლებში. „ქართული ოცნება“ ამას მაშინ აქტიურად ებრძოდა და ქადაგებდა, რომ უნდა დასრულებულიყო. სამწუხაროდ, 8-9 წლის თავზე ჩვენ ვხედავთ იმავე პრაქტიკას.

ჩემი აზრით, როგორც წინა, ისე მოქმედ ხელისუფლებას ინსტიტუციურად არ ესმის, რა არის დემოკრატია, პირდაპირი მცდელობაა იმისა, რომ პოლიტიკური ველი ჩაიკეტოს ორი მსხვილი მოთამაშისთვის, ეს არის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ჩვენ ამას შევეწინააღმდეგებით და ამ ველს აუცილებლად გავარღვევთ. ჩემი აზრით, ეს არის ძალაუფლების დაკარგვის შიში და იმის მარტივი მტკიცებულება, რომ გახარიას და მისი გუნდის წევრები დღეს უკვე არიან ფიქსირებულად მსხვილი პოლიტიკური მოთამაშეები, რომლებსაც ძალუძთ, ეს ველი გაარღვიონ. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და რა თქმა უნდა, მივაღწევთ, რომ ხელისუფლება იყოს ფოკუსირებული ადამიანების პრობლემებზე“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.