კახაბერ ქემოკლიძე - ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, მმართველი პარტია არ მიიღებს ინიციატივებს, თუ თვითონ არ იყო მონაწილე
ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით ოპოზიცია სტრატეგიულ შეცდომას უშვებს, რადგან საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ უნდა მიიღოს ინიციატივები, რომელიც დაინიცირებულია დღევანდელი მოცემულობით, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არ მიიღებს ისეთ ინიციატივას, რომლის მონაწილე თავად არ იქნება.
„ამ ორ ე.წ. პარალელურ პროცესთან დაკავშირებით სტრატეგიულ შეცდომას უშვებს ოპოზიცია, რადგან საბოლოო ჯამში, მმართველმა პარტიამ, რომელიც უმრავლესობას ფლობს პარლამენტში, უნდა მიიღოს ის ინიციატივები, რომელიც არის დაინიცირებული დღევანდელი მოცემულობით. ამას არ გააკეთებს ის, თუ თვითონ არ იყო მონაწილე.
ჩვენი პარტიის გადმოსახედიდან ორი სტრატეგიული ამოცანა გვაქვს. ერთი, „ქართულ ოცნებას“ არ მიეცეს იმის გაკეთების საშუალება, რაც გააკეთა 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებული შეცდომა გამოიყენა და გარკვეულწილად ისრები მისკენ მიმართა და მეორე, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფებს გამიჯნულმა ოპოზიციის ნაწილმა ალტერნატიული პროცესი დაიწყო. პირველი შეხვედრა გუშინ გაიმართა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოოდ დამტკიცების საკითხზე და საარჩევნო კოდექსში სამომავლოდ შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. გუშინვე გაიმართა ოპოზიციის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, მართლმსაჯულების რეფორმა განიხილეს.