კახა ქემოკლიძე - განცხადებები, რომელიც გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული
ხაშურის რაიონის სოფელი ჩორჩანა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდეც და მის შემდეგაც იყო და არის ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია. აღნიშნულ ტერიტორიულ სეგმენტში სხვადასხვა ინტენსივობით აქტიურად პატრულირებდნენ ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები, ისევე როგორც შსს-ს მობილური პატრულირების ჯგუფები, – ამის შესახებ ჩორჩანას საგუშაგოსთან მყოფმა საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახა ქემოკლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ჩორჩანაში შსს-ს სტაციონალური საგუშაგო არ არსებობდა და მისი მშენებლობა უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესების მიზნით გადაწყდა.
„ბლოკპოსტის მშენებლობა ფაქტობრივად დასრულებულია. დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები დღის განმავლობაში აფიქსირებდნენ, რომ თითქოსდა აქ მიმდინარეობს რაღაც განსაკუთრებული სამშენებლო ტექნიკით გადაადგილება. თქვენ თავადვე რწმუნდებით, რომ მსგავსი არაფერი არ ხდება. ეს არის სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, რომელიც არის ათეულობით და ასეულობით მთლიანად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ირგვლივ, აბსოლუტურად, ხაზს ვუსვამ, სტანდარტული საპოლიციო საგუშაგო, სტანდარტული პერსონალით და სტანდარტული აღჭურვილობით”,-განაცხადა ქემოკლიძემ.
საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ ულტიმატუმის შესახებ განცხადებები ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული. მისივე განმარტებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ყოველთვის აქცენტს აკეთებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებზე, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობაზე.
ქემოკლიძის განცხადებით, ასევე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რუსეთის ფედერაციამ დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია, რომ მსგავსი ტიპის ულტიმატუმის ენა ხელს არ უწყობს ერგნეთის მოლაპარაკებების ფორმატს.
„ის, გარკვეულწილად, ცოტა უცნაური განცხადებები, რომელიც გაკეთდა დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან უბრალოდ, ფაქტობრივ რეალობას არის მოკლებული. რაც შეეხება ულტიმატუმს, ისეთი მოლაპარაკების ფორმატში, როგორიც არის ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრები, ისევე, როგორც ზოგადად ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატში, ულტიმატუმის ენა, ცალსახად, არის მიუღებელი ნებისმიერი მხარისთვის. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობ, ცხადია, მარტო ქართულ მხარეზე, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებზე. როგორც კი შემოდის დისკუსიაში ულტიმატუმის ენა იქ ფაქტობრივად, ბევრი პრობლემა იქმნება, ამიტომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი დაბრუნდეს ნორმალურ კალაპოტში. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება მსგავს რიტორიკას შეცვლის და საბოლოო ჯამში, ერგნეთში შეხვედრები გაგრძელდება იმ მიმართულებით, რომელიც მოემსახურება ადგილზე პრობლემების დარეგულირებას და არა – პირიქით”, – განაცხადა ქემოკლიძემ.
საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ჩორჩანასთან იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახა ქემოკლიძე.
როგორც ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს განუცხადა, ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არ განიხილება. მისივე ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები.
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.