კახა ქემოკლიძე - სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ტყუილებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს
კახა ქემოკლიძე - სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ტყუილებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს

სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ტყუილებით ვერ გადაფარავთ სიმართლეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, კახა ქემოკლიძემ გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, „ქართული ოცნება“ მათი პარტიის ვაშინგტონის ტურნეს ებრძვის.

„ტყუილს შეუძლია ნახევარი მსოფლიო მოიაროს, სანამ სიმართლე თასმების შეკვრას დაიწყებს. მეგობრებო, ადრეც გითხარით და კიდევ გაგიმეორებთ: ჩვენ თასმებს სწრაფად ვიკრავთ. ტყუილებით, „ფეიკით“, დეზინფორმაციით ვერ გადაფარავთ სიმართლეს.

მაშინ, როდესაც ვაშინგტონში უკვე შევხვდით საქართველოს ნამდვილ მეგობრებს (NED-ის, NDI-ის, IRI-ის ხელმძღვანელებს; სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის ორ თანაშემწეს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი საკვანძო დეპარტამენტის დირექტორს, ატლანტიკური საბჭოს საუკეთესო მკვლევარებს, მის მოქმედ და NED-ის მომავალ პრეზიდენტს, NDI-ის ყოფილ და NED-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტს) და დღეს უკვე ვხვდებით მნიშვნელოვან პოლიტიკური თანამდებობის პირებს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს და სააკაშვილთან შეხვედრა შეთხზეს, ისევე როგორც ორი/სამი კვირის წინ ყვარელში ვიზიტისას გახარიას „პარიზში გაფრენა“ დააბრალეს.

მეგობრებო, რიტორიკული კითხვა: სააკაშვილის ხელისუფლებას რომ აძაგებდით, ვითარება ხომ არ გეცნობათ უკვე ახალი ცხრა წლის თავზე?

მაშინ, როდესაც „ოცნება“ „რეალ ტვ“-ის ინსტრუმენტებით ჩვენს წარმატებულ ვაშინგტონურ ტურნეს ებრძვის, ჩვენ ამერიკელებთან ვაქცინების მსხვილი პარტიის საქართველოსთვის გადმოცემაზე ვმუშაობთ. დიახ, ეს არის სახელმწიფოებრივი აზროვნება და არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ ხელისუფლებაში და თუ ოპოზიციაში“, – წერს კახა ქემოკლიძე სოციალურ ქსელში.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ. მედიასაშუალება იუწყება, რომ სააკაშვილი და გახარია ერთსა და იმავე სასტუმროში იმყოფებოდნენ.