კახა ქემოკლიძე -  შემდგარი ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებში სახელმწიფო აპარატი თავის ყველა ინსტრუმენტს არ იყენებდა, თვითმმართველობის არჩევნებში კი ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა
კახა ქემოკლიძე - შემდგარი ფაქტია, რომ 2020 წლის არჩევნებში სახელმწიფო აპარატი თავის ყველა ინსტრუმენტს არ იყენებდა, თვითმმართველობის არჩევნებში კი ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა

მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ფაშინიანი ზედიზედ ორგზის ახერხებს, საქართველოზე ბევრად უკეთესი არჩევნების ჩაატაროს, ქვეყანა, რომელიც 60-70%-ით რუსული გავლენის ქვეშ ცხოვრობს და უკეთეს არჩევნებს ატარებს, ეს საქართველოსთვის არის ფუნდამენტური ტიპის პრობლემა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

„რატომ არის პრობლემა საქართველოსთვის? – იმიტომ, რომ ჩვენ, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, გვაქვს ორი სტრატეგიული უპირატესობა. ერთი არის გეოგრაფიული მდებარეობა და მეორე არის ის, რომ ვიყავით ვარსკვლავი რეგიონში დემოკრატიზაციის კუთხით და იმის ნაცვლად, რომ ვპროგრესირებდეთ, დღესდღეობით, ვრეგრესირებთ და ვრეგრესირებთ მათ შორის, სომხეთთან შედარებითაც კი“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

როგორც პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, შემდგარი ფაქტია ის, რომ 2020 წლის არჩევნებში სახელმწიფო აპარატი თავის ყველა ინსტრუმენტს არ იყენებდა, თვითმმართველობის არჩევნებში კი ყველა ინსტრუმენტი გამოიყენა.

„არ ყოფილა მსგავსი დონის დაშინება, მსგავსი დონის მოსყიდვის ფაქტები და შავი ფულის ტრიალი საარჩევნო სფეროში. არ ყოფილა ამ დონის ძალადობა და ა.შ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არ წარმოადგენს ოპოზიცია იგივე შავ ფულთან, ძალადობასთან და მოსყიდვასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს, ქემოკლიძემ განაცხადა, რომ პარტიამ „საქართველოსთვის“ ასეულობით ქეისი წარმოადგინა, მაგრამ სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ნული იყო, რადგან ინსტიტუციები იმდენად დასუსტებული და პოლიტიზირებულია, რომ ამ კონკრეტულ დანაშაულებზე არც ერთი ინსტიტუცია არ რეაგირებს.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, შეუერთდება თუ არა გიორგი გახარიას გუნდი ოპოზიციის აქციებს, კახა ქემოკლიძემ განაცხადა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ბრძოლას ინსტიტუციებში განაგრძობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტია ამ აქციებზე არ იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამის გამო ვიღაცას შეურაცხყოფას მიაყენებს.

შეკითხვაზე, მათი ინფორმაციით, მართავს თუ არა „ქართული ოცნება“ ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს პარტია „საქართველოსთვის“ ცალკეულ წევრებთან, როგორც ამას მმართველი პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რადგან წალენჯიხაში ერთი წევრი გიორგი გახარიას პარტიიდან უკვე წავიდა, რომელიც თვითმმართველობის ორგანოში დამოუკიდებელ კანდიდატად იქნება, ქემოკლიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებს იმის გამჭრიახობა არ ჰყოფნით, ამის გაკეთებას რომც აპირებდნენ, მსგავსი ტიპის განცხადებები ღიად არ თქვან, მაგრამ ფაქტობრივად, მათ დაადასტურეს ის, რაც შემდეგ მოხდა და, რაც პოლიტიკურ პროცესს აბინძურებს, გასაყიდი კი უნდა გაიყიდოს.

მისივე თქმით, ქვეყანაში რამე კრიზისი რომ შეიქმნას, „ქართულ ოცნებას“ იმის პოლიტიკური რესურსი არ აქვს, რომ ეს კრიზისი მართოს.

„როგორ წარმოგიდგენიათ, ქვეყანაში რამე კრიზისი რომ შეიქმნას, „ქართულ ოცნებას“ იმის პოლიტიკური რესურსი აქვს, რომ ეს კრიზისი მართოს?! მით უმეტეს, იმ ადამიანების ფონზე, რომლებიც ზოგ შემთხვევაში, ერთი კონკრეტული ადამიანის მინიშნების გარეშე მაგიდის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ჩაის ჭიქას ვერ გადადგამენ“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

ქემოკლიძემ ასევე განაცხადა, რომ მასკარადი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ხდება, ბატონი ივანიშვილის დამსახურებაა.

„ის, რაც ქართულ პოლიტიკაში ხდება, ამის ერთ-ერთი თანაავტორი სწორედაც „ქართული ოცნების“ ყოფილი თავმჯდომარეა, რომელმაც ეს ყველაფერი დატოვა, ასე ნებიერად მიუშვა, როგორც ახლა არის და ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა“, – განაცხადა ქემოკლიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკური ბრძოლა და ფაქტობრივად, ომი მხოლოდ დაიწყო და პარტია „საქართველოსთვის“, მხარდამჭერებთან ერთად, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.