კახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

დმანისის, წალკის, ბოლნისისა და თეთრიწყაროს ოლქებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ოქრიაშვილი გუშინ დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ოქრიაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ შტაბთან რამდენიმე პირი „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ​დაჭრა, რომლის პასუხისგებაში მიცემასაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები თვეზე მეტია, ითხოვენ.

„მსურს, გამოვეხმაურო 21 ოქტომბერს დმანისში, „ქართული ოცნების“ შტაბში და მის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს. გუშინ, საღამოს საათებში „ქართული ოცნების“ აქტივისტმა, ზურა ოკმელაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა სამი პირი. ამავდროულად, ოკმელაშვილი სწორედ ის პერსონაა, რომელიც თანმხლებ პირებთან ერთად, ჩვენს აქტივისტს პოლიტიკური მოტივით, ფიზიკურად გაუსწორდა, ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ავტომობილი, რომლის დამადასტურებელი ვიდეომტკიცებულება არსებობს და გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებისათვის.

შევახსენებ საზოგადოებასა და ჩემს ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ გოგი მეშველიანს – ჩვენ ამ პიროვნების, ოკმელაშვილის პასუხისგებაში მიცემას უკვე თვეზე მეტია, ვითხოვთ და სამართალდამცავი ორგანოების დროული ჩართულობა და რეაგირება რომ ყოფილიყო, 21 ოქტომბრის ინციდენტი არ მოხდებოდა!

და ბოლოს, გოგი მეშველიანის განცხადებით, ის თითქოს საერთოდ არ იცნობს ოკმელაშვილს და ეს თავდასხმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად ჩემი ხელწერაა. ამ ცრუ ბრალდებას მხოლოდ მოკლედ შევეხები – ოკმელაშვილი აქტიურად არის ჩართული მეშველიანის წინასაარჩევნო კამპანიაში, რასაც ორი კვირის წინ მათი ერთობლივად გადაღებული და სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოსურათებიც ადასტურებს. და მეორე – 2012 წლამდე თავად ბატონი მეშველიანი როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ კადრი და გულშემატკივარი, ჯერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში მუშაობდა, ხოლო უშუალოდ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, კობა ნაყოფიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა“, – აცხადებს კახა ოქრიაშვილის განცხადებაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

დმანისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან ინციდენტი გუშინ მოხდა. „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანია დაჭრილი, მათ შორის, შტაბის ერთი წევრი. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) მუხლით დაიწყო.