გოგი მეშველიანის განცხადებით, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიჭრა
გოგი მეშველიანის განცხადებით, დმანისში „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიჭრა

დმანისში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისთან მომხდარი თავდასხმის შედეგად, ოთხი ადამიანია დაჭრილი, მათ შორის ერთი შტაბის წევრია.

როგორც მეშველიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას თავდამსხმელების ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

მაჟორიტარობის კანდიდატი არ გამორიცხავს, რომ მომხდარის უკან „ნაციონალურ მოძრაობა“ იყოს. მისივე თქმით, ეს პროვოკაცია აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის მიერ არის მოწყობილი.

„დაახლოებით ორი საათის წინ „ქართული ოცნების“ დმანისის შტაბზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ცივი იარაღით შეიარაღებული პირების მხრიდან დავდასხმა განხორციელდა. ეს არის დამარცხებისთვის განწირული, აგონიაში მყოფი პოლიტიკური ძალის პროვოკაცია, რომლის მიზანია, დაძაბონ წინასაარჩევნო გარემო, მაქსიმალურად მეტი ზიანი მიაყენონ საარჩევნო პროცესს და არალეგიტიმური საარჩევნო პროცესის ილუზია შექმნან. სამწუხაროდ, ამ თავდასხმას მოჰყვა მონაწილე პირების ფიზიკური დაზიანება, დაჭრილია როგორც ჩვენი აქტივის წევრი, ასევე თავდამსხმელები. დიდი იმედი მაქვს, სამართალდამცავი ორგანოები ძალიან მალე გამოიძიებენ ამ თავდასხმას და პასუხისგებაში მიეცემიან არამხოლოდ მონაწილეები, არამედ დამკვეთები და ინიციატორები.

ეს თავდამსხმელები, რომლებიც „ქართული ოცნების“ ოფისში მოვიდნენ, ეძებდნენ „ქართული ოცნების“ საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, შტაბის უფროსს იმისათვის, რომ მათთვის ზიანი მიეყენებინათ, რასაც შემდგომ დაპირისპირება მოჰყვა.

ის ხელწერა, რაც დმანისში განხორციელდა, ვიხილეთ ბოლნისში, ნახიდურში, მარნეულში. ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩემი ოპონენტის ხელწერა, რომლის ამოცნობა ძალიან მარტივად შეიძლება – ადამიანების არაფხიზელ მდგომარეობამდე მიყვანა, წაქეზება და მათი შესევა „ქართული ოცნების“ ოფისებზე“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.