კახა ოქრიაშვილი - არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი
კახა ოქრიაშვილი - არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი

ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, მიუღებელია, რომ მაუწყებელს ჰქონდეს 45 მილიონი ლარი ბიუჯეტი და 1%-იანი რეიტინგი. გვინდა ასეთი ხარჯი და ასეთი რეიტინგი? არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მაუწყებელი 5 მილიონის დამატების შემთხვევაშიც ვერ გახდება 10%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია.

„როგორც გავხადოთ უკეთესი მაუწყებელი, რეკლამის საშუალება მივცეთ და ორი მილიონი დავუმატოთ? დავუმატოთ 5 მილიონი, გავანებოთ თავი რეკლამას. გახდება 10%-იანრეიტინგიანი ტელევიზია? ვერ გახდება. მე ვფიქრობ, რომ აქ ადმინისტრირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რომ მივცემთ ყოველ წელს 50 მილიონს და პროცენტ-ნახევარი რომ ექნებათ რეიტინგი, უნდა გავუშვათ მთლიანად. უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში დღეს იმსჯელეს.

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.
 
ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.
 
ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.
 
საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.