გიორგი გვიმრაძე - ოპონენტებს უმრავლესობიდან არ ესმით მაუწყებლის ფუნქცია და კვლავაც თვლიან, რომ სახელმწიფო ტელევიზიაა და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც გადაწყვეტენ
გიორგი გვიმრაძე - ოპონენტებს უმრავლესობიდან არ ესმით მაუწყებლის ფუნქცია და კვლავაც თვლიან, რომ სახელმწიფო ტელევიზიაა და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც გადაწყვეტენ

ოპონენტებს უმრავლესობიდან არ ესმით მაუწყებლის ფუნქცია და კვლავაც თვლიან, რომ სახელმწიფო ტელევიზიაა და უნდა ასრულებდეს იმას, რასაც გადაწყვეტენ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ პირველი არხის გადაცემაში “აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად” სტუმრობისას განაცხადა.

როგორც გიორგი გვიმრაძემ აღნიშნა, საპარლამენტო უმრავლესობაში ყველა ერთ აზრზე რომ ვერ იქნება, ეს ნორმალურია, თუმცა პრობლემაა, როდესაც ადამიანები ვერ თანხმდებიან ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხზე – საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციაზე.

“დღემდე ადამიანები სვამენ კითხვას, რა არის ამ ორგანიზაციის ფუნქცია, აქ ნამდვილად სხვა პრობლემაა. ჩვენ დღეს შევთავაზეთ, რომ ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებითა და დახმარებით, პარლამენტში გაიმართოს დებატები, რას წარმოადგენს მაუწყებლის იდეა, რატომ უნდა არსებობდეს ის ნებისმიერ ევროპულ განვითარებულ საზოგადოებაში და რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს მას”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ

როგორც გვიმრაძემ აღნიშნა, ოპონენტების მთავარი არგუმენტი, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები დააზარალებს კომერციულ მაუწყებლებს მიუღებელია.

“მიუღებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ სიკეთეზე და იმაზე, როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. უნდა იყოს თუ არა ის წარმატებული. თუ ჩვენ კომერციული მაუწყებლების წარმატება გვინდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხარჯზე, ეს სრულიად მიუღებელი მდგომარეობაა. მთავარი ამბავი მაინც იყო ის, რომ ძირითად ლაიტმოტივად სახელდება ხოლმე კომერციული მაუწყებლების მხარდაჭერა და კომერციული მაუწყებლების ინტერესების გატარება. იმ დროს როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ხალხის ფულით დაფინანსებული მაუწყებელი წლების განმავლობაში არასწორი დამოკიდებულებიდან გამომდინარე ამ მდგომარეობაშია, ამ ვითარებაში საუბარი კერძო მაუწყებლების პრივილეგიაზე კარგად არ მესმის, მაშინ რაში ვხარჯავთ ფულს და სწორედ დგება ის საკითხი, რაში ვხარჯავთ ფულს”, – განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

გვიმრაძის თქმით, ოპონენტებისთვის სუსტი საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით ე.წ. მოწყვლადია ნებისმიერი აქტივობის მიმართ, რომელიც მასთან დაკავშირებით შეიძლება მოხდეს.  

“მათ აინტერესებთ, რომ მაუწყებელი არ იყოს ძლიერი, არ იყოს ბაზარზე კონკურენტუნარიანი მოთამაშე. ჩვენ ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რომ მაუწყებელმა, ერთი მხრივ, ისეთი პროდუქტი უნდა აწარმოოს, რომელსაც შეიძლება ხალხი არ უყურებდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია და, მეორე მხრივ, ეს ადამიანები ლაპარაკობენ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს რეიტინგი არ აქვს და მოდით, გავაუქმოთ. ერთი მხრივ, არ უნდა უყურებდნენ და მეორე მხრივ, რადგან არ უყურებენ, გავაუქმოთ. ბუნებრივია, ერთმანეთთან საწინააღმდეგო მოსაზრებები მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განვითარდეს, არ დადგეს ფეხზე და არ წაიწიოს წინ”, – განაცხადა გვიმრაძემ.

მისივე თქმით, საკმაოდ ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ მაუწყებლის დაფინანსება მომავალ წელს გაიზრდება.

“მინდა ამ ადამიანებს შევახსენო, რომ მაუწყებლის დაფინანსება ცხადია გაიზრდება მშპ-ს ზრდასთან ერთად, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეთ, რომ მაუწყებლის გადასახდელებიც გაიზრდება ვალუტის კურსთან, მათ შორის ინფლაციასთან ერთად, რომელიც გამოიწვევს ჩვენი თანამშრომლებისთვის ხელფასის ზრდის აუცილებლობას. შესაბამისად, თუ შევადარებთ ერთმანეთს, რამდენით გაიზრდება მშპ-ს ზრდასთან ერთად მაუწყებლის ბიუჯეტი და მეორე მხრივ, რამდენით გაიზრდება მისი გადასახდელები, ჩვენ ვნახავთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მომავალ წელს შეიძლება იყოს ე.წ. მინუსში. გამომდინარე აქედან, იმაზე საუბარი, რომ მაუწყებელს არ უნდა სჭირდებოდეს რეკლამიდან შემოსავალი, რადგან დიდი დაფინანსება აქვს, მაშინ ის ვალდებულებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს, გადავუნაწილოთ კომერციულ მაუწყებლებსაც. თუ არ აქვთ ამ ვალდებულების საკუთარ თავზე აღების მზაობა, მაშინ დაანებონ მაუწყებელს თავი. საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს იმის მზაობა, საკუთარ თავზე აიღოს ის ვალდებულებები, რომელიც მას კანონმა დააკისრა და შესაბამისად, ითხოვს რესურსს, რომ ეს ვალდებულებები კარგად შეასრულოს. ისე კი არ შეასრულოს, რომ ვიღაცამ სადღაც ჩაგვითვალოს, რომ კანონი შესრულდა, არამედ ისე, რომ გადამხდელმა თქვას, რომ ტყუილად არ გადაუხდია”, – აღნიშნა გვიმრაძემ.

დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია და საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, დღევანდელ გადაცემაში მოწვეულები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან კობერიძე, კახა ოქრიაშვილი და ასევე დავით ჭიჭინაძე, რომლებმაც მოუცლელობის მიზეზით, სტუდიაში სტუმრობაზე უარი განაცხადეს. გადაცემაში საუბარი შეეხო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რის შესახებაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.