რომან კაკულია - კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ
რომან კაკულია - კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შენარჩუნდეს.

„როდესაც სხვადასხვა ქვეყნების მაგალითები მოგვყავს, მაგალითი უნდა იყოს ამომწურავი. უნდა ვიცოდეთ, რამდენია თანხა საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორია სარეკლამო ბაზარი სხვა ქვეყნებში, როგორია თითოეული კერძო ტელევიზიის საერთო ბიუჯეტი. თუ ეს ციფრები არ მაქვს, მაგალითები არ არის ჩემთვის საინტერესო. ჩვენ დღევანდელ კონტექსტში კერძო ტელევიზიებისადმი მხარდაჭერის პრიმატი უნდა შევინარჩუნოთ. უნდა ჩამოვყალიბდეთ, თუ რას ვითხოვთ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან. კონცეპტუალურ ხედვაში გვაქვს აცდენები. უნდა დადგეს დრო, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს რეკლამის გაშვების შესაძლებლობა ექნება. დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე ვაყენებ ეჭვქვეშ, თუ რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება დღეს. დებატები საპარლამენტო განხილვების ფორმატში რომ გავშალოთ, ჩვენ შეგვიძლია, პროექტის სესიაზე გატანას მხარი დავუჭიროთ მხოლოდ იმ დათქმით, რომ მეორე მოსმენამდე პრინციპული საკითხები რეკლამასთან, ბორდის ფუნქციებთან, სტარტაპებთან დაკავშირებით შეჯერდება. თუ პოზიციები არ იქნება შეჯერებული და არ იქნება ჩვენი კომიტეტისათვის მისაღები ფორმულირება, კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარს აღარ დავუჭერთ“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, სადაც მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები განიხილეს.

ამასთან, მისივე თქმით, დადგება დრო, როდესაც საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს რეკლამა.

„უნდა დადგეს დრო, როდესაც რეკლამის დაშვება საზოგადოებრივ მაუწყებელს უნდა ჰქონდეს. მე ამ პრინციპს კი არ ვაყენებ ეჭვქვეშ. მე დღევანდელ გადაწყვეტილებას დღევანდელი კონტექსტიდან გამომდინარე ვაყენებ ეჭვქვეშ, რამდენად სამართლიანია ეს გადაწყვეტილება დღეს. ეს არის ჩემი მოსაზრება რეკლამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კაკულიამ.

კანონპროექტის მიზანია, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის უფლებამოსილებათა გამიჯვნა, მაუწყებლის საქმიანობის მარეგულირებელი ნორმების დახვეწა და მისი გამართული საქმიანობისათვის სათანადო საკანონმდებლო საფუძვლების შექმნა.

ინიციატივით დგინდება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადასაცემი გადაცემების, სერიალ(-ებ)ის, მხატვრული ან/და დოკუმენტური ფილმ(-ებ)ის დამზადების მომსახურების შესყიდვაზე არ გავრცელდება.

ინიციატივით, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებებიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების შრომითი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დადგენის უფლებამოსილებაც ამოდის. აღნიშნული ცვლილებების გარდა, პროექტით, გასართობი გადაცემებისა და სერიალების სპონსორობა დასაშვები ხდება.

საკანონმდებლო პაკეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რეკლამის განთავსებასაც ეხება. კერძოდ, პროექტით განისაზღვრება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს.