გიორგი კოხრეიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება, რაც ძალიან ბევრს არ სურს
გიორგი კოხრეიძე - საზოგადოებრივი მაუწყებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება, რაც ძალიან ბევრს არ სურს

საზოგადოებრივი მაუწყებელი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება, რაც ძალიან ბევრს არ სურს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრმა გიორგი კოხრეიძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს იმის თქმა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი შეიძლება მართო, რთულია.

„პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციასთან დაკავშირებით რომ დაისვა შეკითხვა, ეს კითხვა რიტორიკულად ჩავთვალე, რადგან ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რომ ეს საკითხი ვინმესთვის არ იყო ნათელი. გასაგებად ავხსნი – ყველა კომერციული ტელევიზიის უკან დგას გარკვეული პირადი ინტერესები, საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპაში ტყუილად კი არ არის, ეს დემოკრატიის დასაბალანსებლადაა, საზოგადოება თვითონ იხდის ფულს, რომ დაიცვას თავი საინფორმაციო დიქტატისგან.

რა გვქონდა რამდენიმე წლის წინ, როცა საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი არ იყო. ჩვენ ამავდროულად, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობისთვის ვიბრძვით, რადგან საზოგადოება რაშიც იხდის ფულს – ბალანსისთვის, ეს ფუნქცია მან შეასრულოს. როცა დაფინანსების მთლიან შიდა პროდუქტთან მიბმა მოხდა, ამით მაუწყებელი უფრო დამოუკიდებელი გახდა, დღეს იმის თქმა, რომ მაუწყებელი შეიძლება მართო, რთულია“, – განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

ამასთან, კოხრეიძე აცხადებს, რომ ამ პროცესებში კერძო ტელევიზიების ინტერესებს ხედავს.

„ადამიანებს აქვთ ინტერესი, ყველა კომერციულ ტელევიზიას აქვს ინტერესი, რომ რაზეც კამათობენ და იბრძვიან, იმაზე იბრძოლონ და დღეს ეს დასაბუთდა. წარმოიდგინეთ, რომ ჰიპოტეტურად, 20-პროცენტიანი რეიტინგი აქვს მაუწყებელს, კომერციული მაუწყებლის წარმომადგენლისთვის ეს იყო აპოკალიფსი. ხომ წარმოგიდგენიათ დამოკიდებულება, რამდენად უნდათ მათ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარება.

პირად საუბრებში ბევრჯერ მითქვამს, შთაბეჭდილება მრჩება, მაუწყებელი რომ განვითარდეს, ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აქვს სურვილი, რომ ეს არ მოხდეს. ამის ერთადერთი ახსნა ის არის, რომ სუსტი მაუწყებლის ხელში ჩაგდება არის გაცილებით იოლი, ვიდრე ძლიერის. ეს შეიძლება ვიღაცისთვის პოლიტიკური განცხადება იყოს, მაგრამ ყველაფერი შეგიძლია გააკეთო. მას აქვს სატელიტი, მას აქვს სიხშირე, რომელსაც ვერავინ წაართმევს, თუ გექნება საშუალება, რომ იოლად ჩაიგდო ხელში, შეგიძლია, ნებისმიერი პროცესი მართო. ზუსტად ამის დასაცავად არის, რომ მაუწყებელი იყოს ძლიერი. შეიძლება, ვინმეს არ ჰქონდეს გაცნობიერებული, რადგან თავის დროზე იყო სახელმწიფო ტელევიზია. არ არის ეს სახელმწიფო ტელევიზია, ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებელი. ის საზოგადოების ფულს ხარჯავს და საზოგადოებას უნდა, მაუწყებელი იყოს მაღალრეიტინგული. ფულს რაშიც იხდის, იმას უყუროს და მის მიმართ ნდობა ჰქონდეს.

საზოგადოებას ამას არავინ ეკითხება და ეკითხება კომერციულ ტელევიზიას, რომლის დღის წესრიგშია, რომ ჩვენ არ გვქონდეს ხელშეწყობა“, – განაცხადა კოხრეიძემ.

მისივე თქმით, პირადი ინტერესები არ ამოძრავებს და სურს, საქართველოში სარეკლამო ბაზარი განვითარდეს.

„აპრილში სამეურვეო საბჭოში მუშაობის ვადა მეწურება, არანაირი ინტერესი ამ ცვლილებების მიმართ პიროვნულად არ მაქვს, მაგრამ გულწრფელად მჯერა, ეს სჭირდება როგორც მაუწყებელს, ისე ქვეყანას. სარეკლამო ბაზარი გვაქვს იმდენად ცუდი, რომ საშუალო მეწარმეს, მცირე მეწარმეს არ აქვს საშუალება, ადეკვატური სარეკლამო მომსახურება მიიღოს. ეს ამას ხელს შეუწყობს.

რომელი ტელევიზია იკლავს თავს იმაზე, რომ შვიდ ენაზე მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას, რაც არის ჩვენს ვებზე დღეს. არც ერთს აქვს ინტერესი – ჩვენ ვალდებულება გვაქვს“, – განაცხადა კოხრეიძემ.

მისივე განცხადებით, ყოველთვის იყო პრობლემა, რომ ხელისუფლება ერეოდა მაუწყებლის საქმეებში.

„ჩვენ ვითხოვთ თავისუფლებას. ვისგან თავისუფლებას? ყოველთვის იყო პრობლემა, რომ ხელისუფლება ერეოდა მაუწყებლის საქმეებში. მათ საკუთარი ხელით უნდა მიანიჭონ საზოგადოებრივ მაუწყებელს თავისუფლება – არ უნდათ, რომ მიანიჭონ, რადგან მათი გავლენა ყველანაირად იკარგება. აბსოლუტურად დამოუკიდებელი ხდება საზოგადოებრივი მაუწყებელი. მიზეზი არის ეს, რაც არ სურს ძალიან ბევრს“, – აღნიშნა გიორგი კოხრეიძემ.

დღევანდელ გადაცემაში მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიისა და კომუნიკაციის ბლოკის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის ხელმძღვანელი გიორგი გვიმრაძე, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია და საბჭოს წევრი გიორგი კოხრეიძე.

როგორც გადაცემის წამყვანმა აღნიშნა, დღევანდელ გადაცემაში მოწვეულები იყვნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ლევან კობერიძე, კახა ოქრიაშვილი და ასევე დავით ჭიჭინაძე, რომლებმაც მოუცლელობის მიზეზით, სტუდიაში სტუმრობაზე უარი განაცხადეს. გადაცემაში საუბარი შეეხო მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს, რის შესახებაც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.