კახა ლაბუჩიძე - კორპუსში, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მოვლა-პატრონობა ამხანაგობის პასუხისმგებლობაა, მომართვის შემთხვევაში რეაბილიტაცია ტარდება
კახა ლაბუჩიძე - კორპუსში, სადაც ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ლიფტის მოვლა-პატრონობა ამხანაგობის პასუხისმგებლობაა, მომართვის შემთხვევაში რეაბილიტაცია ტარდება

კორპუსში, სადაც დღეს ლიფტის შახტაში ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ლიფტი არის ამხანაგობის მოვლა-პატრონობაში, მათი პასუხისმგებლობით, თუმცა მომართვის შემთხვევაში რეაბილიტაცია ტარდება, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა ლაბუჩიძემ განაცხადა.

როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, დღეს ვაზისუბნის დასახლებაში დიდი ტრაგედია მოხდა.

„დეტალები ჯერ უცნობია. სამეზობლოში ძალიან ბევრი ვერსიაა. დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, როგორ მოხდა ეს ტრაგედია. რაც შეეხება აღნიშნულ ლიფტს და ამხანაგობას, დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამგეობისთვის არ მოუმართავთ. ამხანაგობის პრობლემების შესახებ არსებობს სპეციალური დადგენილი წესი, პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს ამხანაგობის კრებაზე. იმ ოთხ პრიორიტეტს შორის, რომელიც იყო განსაზღვრული ამხანაგობის მიერ, ჩემი ინფორმაციით, სამწუხაროდ, ეს ლიფტი იქ არ იყო, ამხანაგობის კრებაში პრიორიტეტებში არ იყო განსაზღვრული. შეიძლება ეს ახალი დაზიანებაა. რა თქმა უნდა, როგორც თავად კორპუსი, ისე ლიფტიც ძველია, საბჭოთა პერიოდის, მაგრამ იცით, რომ ბევრი ამხანაგობა ძალიან კარგად უვლის და უფრთხილდება.

უშუალოდ ეს ლიფტი არის ამხანაგობის მოვლა-პატრონობაში, მათი პასუხისმგებლობით, თუმცა, მომართვის შემთხვევაში, რეაბილიტაცია ტარდება. ჯერ მარტო შარშან ისნის გამგეობამ 32 ლიფტის სრული რეაბილიტაცია განახორციელა, რომლებიც იყო უმწვავეს მდგომარეობაში. ამ ლიფტზე შარშან არ ყოფილა მომართვა. ბოლო ორი წლის განმავლობაში განაცხადი არ შემოსულა. მათ აქვთ განაცხადი შემოტანილი სადარბაზოს კარებზე, ოთხივე სადარბაზო არის ახალი გადახურვით. ძალიან სამწუხარო ფაქტია. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს“, – განაცხადა ლაბუჩიძემ.