კახა კუჭავა - კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავისი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში
კახა კუჭავა - კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავისი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში

კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავისი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში,- ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს.

ვიცე სპიკერი აცხადებს, რომ წერილში სწორედ იმ საკითხზეა მითითება გაკეთებული, რაზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულია შეთანხმება ,რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ მართლმსაჯულებაში.

„მიუხედავად ამისა, ეს წერილი პირდაპირ მიუთითებს და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში და გავათავისუფლოთ. ეს არც ჩვენი უფლებაა და არც მოვალეობა და რა თქმა უნდა, ამას ჩვენ რეალურად ვერ მივცემთ მსვლელობას. თუმცა, აქვე გავახსენებდი ბატონ კუბილიუსს, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბრიუსელში და სტრასბურგში, ჩვენ მათ პირდაპირ ვთხოვეთ, თვითონ ჩამოსულიყვნენ, შეექმნათ ჯგუფი და შეესწავლათ კონკრეტული საქმეები, რომელიც მათ ადარდებდათ, სწორედ ამის შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილებები.

ეს შეთავაზება ძალიან მოწონებული იქნა მაშინ. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიიღეს და მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი ვიზიტი არ განხორციელებულა. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი მათ, თუ დამატებით კითხვა უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით, თვითონ ჩამოვიდნენ, გაეცნონ, თვითონ გააკეთონ კონკრეტული დასკვნები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ამა თუ იმ კონრეტულ სასამართლო საქმეზე“,- განაცხადა კახა კუჭავამ.

ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებას ეხმაურება.

მისი განცხადებით, შეთანხმებას მიესალმება ყველა მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები, თუმცა შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია.

კუბილიუსის შეფასებით, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები არ იქნა სწორად პასუხგაცემული, რამაც 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება.