ანდრიუს კუბილიუსი - ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება
ანდრიუს კუბილიუსი - ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე გაგზავნილ წერილში მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, შეთანხმებას მიესალმება ყველა მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები, თუმცა შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია.

„2020 წლის 8 მარტს ურთიერთგაგების მემორანდუმის ფორმითა და ერთობლივი განცხადებით საქართველოს ყველა მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება იქნა მიღწეული საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების შეტანის შესახებ, ასევე საქართველოს სასამართლო სისტემის ფუნქციონირების უმაღლესი სტანდარტებისკენ მისწრაფების თაობაზე. შეთანხმებას მიესალმება ყველა მნიშვნელოვანი მხარე, მათ შორის ევროკავშირი და შეერთებული შტატები. ჩვენ, ევროპარლამენტში საქართველოს პროევროპული გზის მხარდამჭერები ასევე ძალიან მოხარულები ვიყავით და შეთანხმების ყველა მხარეს ვულოცავდით, რადგან ამან იმედი გააჩინა, რომ ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ, მომავალი არჩევნების წინ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიის სიმწიფის კუთხით ნდობის აღდგენა მოხდებოდა“, – აცხადებს ანდრიუს კუბილიუსი.

მისივე შეფასებით, სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები არ იქნა სწორად პასუხგაცემული, რამაც 8 მარტის შეთანხმება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კუბილიუსის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრია, მიღწეული შეთანხმების ერთგული დარჩება.

„შეთანხმების შესრულებაში პროგრესი ჯერ კიდევ მისაღწევია. 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, რომელსაც აღვიქვამ, როგორც კიდევ მზარდ ბზარს ნდობის საკითხში. სამწუხაროდ, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეები არ იქნა სწორად პასუხგაცემული, რაც 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ყურადღებით ვადევნებ თვალს საქართველოში მოვლენების განვითარებას, განსაკუთრებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით. მინდა, აღვნიშნო, რომ პანდემიის მიერ გამოწვეული გადაუდებელი გამოწვევების მიუხედავად, უკიდურესად მნიშვნელოვანია ამ შეთანხმების სწრაფად განხორციელება.

ევროპელ პარტნიორებს სჭირდებათ მკაფიო დადასტურება, რომ მიღწეულია პროგრესი, რომელიც უზრუნველყოფს აუცილებელ პირობებს 2020 წელს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად. ვიმედოვნებ, საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია, რომელსაც აკისრია უდიდესი პასუხისმგებლობა, მიღწეული შეთანხმებისა და წერილის ერთგული დარჩება“, – აცხადებს კუბილიუსი.