კახა კუჭავა - IRI-ის რეკომენდაციების დიდი ნაწილი და გამოთქმული წუხილი მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არ არის, საუბარია აგრესიულ ტონზე, ბევრ სხვადასხვა კომპონენტზე, რომლებიც პირველ რიგში ოპოზიციას ეხება
კახა კუჭავა - IRI-ის რეკომენდაციების დიდი ნაწილი და გამოთქმული წუხილი მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არ არის, საუბარია აგრესიულ ტონზე, ბევრ სხვადასხვა კომპონენტზე, რომლებიც პირველ რიგში ოპოზიციას ეხება

IRI-ის ​რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევეცდებით, არა მხოლოდ მეორე ტურამდე, არამედ მათთან მომავალშიც ვითანამშრომლოთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა კუჭავამ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებულ შუალედურ ანგარიშზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მოიცავს 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ანალიზსა და რეკომენდაციებს 21 ნოემბრისთვის.

„ნებისმიერი ანგარიში, რასაც ამ ბოლო დროს ვისმენთ, რა თქმა უნდა, ოპოზიცია ცდილობს, თუ 10 დადებითი სიტყვაა ნახსენები და ერთი უარყოფითი, იმ ერთი უარყოფითი სიტყვის გამო დახატოს აპოკალიფსი. ფაქტი ერთია, არის მოწოდება, რომ მეორე ტურში მონაწილეობა მიიღონ და რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს ამ ხარვეზების გამოსწორება მეორე ტურისთვის. პირველ რიგში, ეს მიუთითებს, რომ მათი მოწოდებაც არის, ყველა მოემზადოს მეორე ტურისთვის, მათ შორის ხელისუფლება ადმინისტრირების კუთხით.

რაც ყველაზე მთავარია, ეს პირველ რიგში პირველი ტურის შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, მათი რეკომენდაციები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შევეცდებით, არა მხოლოდ მეორე ტურამდე, არამედ მათთან მომავალშიც ვითანამშრომლოთ და ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ამ არჩევნების დროს იყო დაფიქსირებული ან შეიძლება, დამატებით კიდევ რამე რეკომენდაცია არსებობდეს, ნამდვილად შევასრულოთ. უკვე შემდეგი არჩევნები, რომელიც ჩატარდება ერთი წლის შემდეგ, გაცილებით მაღალი სტანდარტით იყოს ჩატარებული. ეს ის ტენდენციაა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლების პირობებში ყოველი არჩევნების შემდეგ ხედავს ამომრჩეველიც და საერთაშორისო საზოგადოებაც, რამდენად უმჯობესდება საარჩევნო გარემო ყოველწლიურად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, IRI-ის რეკომენდაციების დიდი ნაწილი და გამოთქმული წუხილი მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არ არის.

„ფაქტი ერთია, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი და ის წუხილი, რომელიც ამ ანგარიშშია გამოთქმული, მხოლოდ ხელისუფლების მიმართ არ არის. ეს ყველამ კარგად უნდა გაიაზროს. აქ საუბარია როგორც აგრესიულ ტონზე და ბევრ სხვადასხვა კომპონენტზე, რომელიც ყველა პარტიას ეხება და ხშირ შემთხვევაში, პირველ რიგში, ოპოზიციურ პარტიებს ეხება. ამიტომ კარგ დამწერს კარგი წამკითხველი სჭირდებაო და მე მათ ვურჩევდი, ეს ანგარიში კარგად წაიკითხონ და არ დაინახონ მხოლოდ ის, რაც მათ სურთ, რომ დაინახონ. ეს არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან გაკეთებული შეფასება.

არჩევნების წარმატებით ჩატარებასთან დაკავშირებით ბევრი მოლოცვა მივიღეთ, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის გათვალისწინებით. ამიტომ ეს ის მიღწევაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად აქვს და ნუ შევეცდებით, დავხატოთ სურათი, რომელიც რეალურად არ არსებობს. ძალიან ბევრ დებატებსა და არგუმენტირებულ კამათში ვერ ხდება წარმოდგენა მათი მხრიდან კონკრეტული ფაქტების, რომელიც ოპოზიციის პრეტენზიებს მისცემს რეალურ სახეს. გარკვეული დარღვევები, რა თქმა უნდა, არსებობდა. ეს არსებობს ყველა არჩევნებში, ყველა ქვეყანაში და აუცილებელია, ერთად ვიმუშაოთ, რომ შემდეგი არჩევნებისთვის გამოსწორდეს“, – განაცხადა კახა კუჭავამ.