კახა კუჭავა - გვჭირდება გაერთიანება, რათა გარემოს დაცვითი უფლებები განუყოფელი იყოს ადამიანის უფლებებისგან, უზრუნველვყოთ პოლიტიკის გამწვანება და სამართლებრივი შედეგები მთელი პროცესის განმავლობაში
კახა კუჭავა - გვჭირდება გაერთიანება, რათა გარემოს დაცვითი უფლებები განუყოფელი იყოს ადამიანის უფლებებისგან, უზრუნველვყოთ პოლიტიკის გამწვანება და სამართლებრივი შედეგები მთელი პროცესის განმავლობაში

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად ამბიციური და გარემოსდაცვითი დიპლომატია გამოვიყენოთ გამოწვევებზე რეაგირებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ათენის კონფერენციის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მოგართოთ კონფერენციის მონაწილეებს, რომელიც აერთიანებს ევროპის საბჭოს 47 წევრი ქვეყნის პარლამენტებს და საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებს.

უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, ბატონ დემსს მოწოდებისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება აღიარებულ იქნას ადამიანის უფლებად. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მხარს უჭერს საპარლამენტო ასამბლეის ბოლოდროინდელ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს ჯანსაღი გარემოს როგორც ადამიანის ძირითადი უფლების აღიარებას. ჩვენ მივესალმებით საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე მიღებული ახალი ანგარიშების სერიას, რომლებიც მიზნად ისახავს საერთაშორისო და ეროვნულ სამართალში პარადიგმის შეცვლას“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა გარემოს დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე და აღნიშნა, რომ საქართველომ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა.

„მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ვისაუბრო გლობალურ პრობლემაზე – ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლებაზე. ყველანი ვთანხმდებით, რომ უსაფრთხო, სუფთა, ჯანსაღი და მდგრადი გარემო არის განუყოფელი ნაწილი ადამიანის უფლებების ფართო სპექტრისა, მათ შორის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და სხვა უფლებების. ჩვენ ვხვდებით გამოწვევებით სავსე პერიოდში – „კოვიდ-19“-ის გლობალური პანდემიის დროს დავინახეთ, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ჰაერის გაწმენდა მას შემდეგ, რაც შევამცირეთ საწვავის ძრავიანი მანქანების გამოყენება. არც ერთი ქვეყანა, არ არის დაცული გარემოსდაცვითი გამოწვევებისგან, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებისგან, რომელიც უნდა მოგვარდეს – უპირველეს ყოვლისა – პოლიტიკის პერსპექტივიდან.

განსაკუთრებით მოხარული ვარ, მოგმართოთ როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღვნიშნო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა. საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის. გარდა ამისა, ჩვენ განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის დასასრულს ევროპის საბჭოში, კერძოდ, 2020 წლის 15 მაისს, პირველად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ისტორიაში, საქართველომ მიიღო დეკლარაცია მომდევნო პრეზიდენტ ქვეყნებთან, საბერძნეთისა და გერმანიასთან ერთად, ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის კავშირების თაობაზე. დეკლარაცია ეხება გარემოსდაცვით და კლიმატურ საფრთხეებს და ხაზს უსვამს პრობლემის აღმოსაფხვრელად მიზანმიმართული საერთაშორისო მოქმედების აუცილებლობას. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპის საბჭოში საქართველოს პრეზიდენტობის ფარგლებში, ჩემმა ქვეყანამ მოაწყო კონფერენცია „მაღალი დონის კონფერენცია გარემოს დაცვისა და ადამიანის უფლებების შესახებ“ სტრასბურგში, 2020 წლის 27 თებერვალს და „მაღალი დონის კონფერენცია ადამიანის უფლებები და პლანეტა“, რომელიც გაიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში 2020 წლის 5 ოქტომბერს. გვქონდა პატივი, რომ ორივე კონფერენციაზე ბატონმა დემსმა მიმართა მონაწილეებს და სიტყვით გამოვიდა საპარლამენტო ასამბლეის სახელით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საქართველოსთვის ასევე პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გარემო.

„ამ თვალსაზრისით, ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ პროგრესს და შედეგებს მიაღწია როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე. საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის ძირითადი უფლებების თავის ქვეშ, იცავს გარემოს დაცვის უფლებას და ამბობს, რომ „ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი გარემოთი და საჯარო სივრცით. ყველას აქვს უფლება, დროულად მიიღოს სრული ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ. ყველას აქვს უფლება, ზრუნავდეს გარემოს დაცვაზე. გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობის უფლება უზრუნველყოფილია კანონით. ახლანდელი და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებით, გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობა უზრუნველყოფილია კანონით“.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად ამბიციური და გარემოსდაცვითი დიპლომატია გამოვიყენოთ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. გარემოსდაცვითი მოლაპარაკებების უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ ხალხებმა ერთად უნდა იმუშაონ გლობალურ საფრთხეებზე და აიღონ საერთო პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომდევნო თაობების ინტერესებისთვის. ამ ძირითად ღირებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულ დონეზე გარემოს დაცვის უფლებების მოგვარება მყისიერი სამართლებრივი შედეგების მისაღებად მოქმედებას ახლა საჭიროებს“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, გარემოს დაცვის მიმართულებით პარლამენტების როლის გასაზრდელად შესაძლებელია ახალი პრაქტიკის დამკვიდრება.

„პარლამენტების როლის გასაზრდელად იმისათვის, რომ უფლება ჯანსაღ გარემოზე გახდეს ადამიანის უფლება, შეგვიძლია, დავადგინოთ ახალი პრაქტიკა, რაც თავის მხრივ, განაპირობებს რომ ეს პროცესი კვლავ დარჩება საერთაშორისო დღის წესრიგში. კერძოდ, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ, შექმნან პლატფორმა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რაზეც ისინი მუშაობენ. არც ისე იშვიათია, როდესაც განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ასევე მოიცავს გარემოს დაცვას, თუმცა სამწუხაროდ, გარემო ხდება ყველაზე უმნიშვნელო და აქცენტი სხვა საკითხებზე გადადის. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა. შემოთავაზებული პლატფორმა მიზნად ისახავს საპარლამენტო კომიტეტებს შორის მხარდაჭერის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას და ამით პოლიტიკური ნების გაძლიერებას საერთო პრობლემების გადასაჭრელად. ეს პლატფორმა უნდა იყოს პრაქტიკული, ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელთა საშუალებითაც მსოფლიოში ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფაა შესაძლებელი.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნობელის პრემია 2021 წელს ფიზიკაში გადაეცა კლიმატის მეცნიერებს მათი სამუშაოსთვის, ამინდისა და კლიმატის მოდელირების, ასევე ადამიანის გლობალურ დათბობაზეზე გავლენის შესწავლის დადგენისთვის. მსოფლიო ლიდერებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მეცნიერებას და ერთობლივად იმუშაონ ცვალებად გარემოსთან ადაპტირებისთვის, რათა თავიდან აიცილონ, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები და ზარალი არ მიაყენონ წინა ხაზზე მყოფებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჯანსაღი და მდგრადი გარემო მთელს მსოფლიოში?

• ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა
• განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნა
• ურბანული რეკრეაციული დაგეგმარებისა და მეტი მწვანე სივრცის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით
• მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა
• ნარჩენების თანამედროვე მართვა და გადამუშავება
• ახალი სუფთა ტექნოლოგიები
• დაბალი ნახშირბადის ტრანსპორტის განვითარება
• ენერგოეფექტური შენობების ხელშეწყობა
• სრულად ორგანული სოფლის მეურნეობა
• ახალი ბაზრების პოპულარიზაცია და კერძო სექტორში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა მწვანე ეკონომიკის გასაძლიერებლად

ზემოაღნიშნული კითხვის ფარგლებში, თუ როგორ ვხვდებით ჩვენს კოლექტიურ პასუხისმგებლობას, არის პოლიტიკური კითხვა – არა პარტიულობასა და იდეოლოგიაზე, არამედ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავერთიანდეთ და შევცვალოთ რაიმე, ახალი ეპოქის დასაწყებად და ამ ყველაფერზე პასუხის გაცემა უფრო მეტად ღირს, ვიდრე საკითხის უგულებელყოფა. ეს გადაჭარბების გარეშე არის გადარჩენის საკითხი. ის ფაქტი, რომ ვიზიარებთ ამ გამოწვევის აქტუალურობას არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ გვჭირდება გაერთიანება, რათა გარემოსდაცვითი უფლებები განუყოფელი იყოს ადამიანის უფლებებისგან, უზრუნველვყოთ პოლიტიკის გამწვანება და უზრუნველვყოთ სამართლებრივი შედეგები მთელი პროცესის განმავლობაში.

ამისთვის საჭიროა, წევრი სახელმწიფოების პოლიტიკური კოორდინაცია საერთაშორისო ასპარეზზე უფრო დიდი ზემოქმედებისათვის და ევროპის საბჭოს საქმიანობის გარემოსდაცვითი გაცნობიერებისთვის, მისი საქმიანობის გარემოზე უარყოფითიზე მოქმედების შემცირება არის ძირითადი ელემენტი.

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც დგანან ჩვენი პოლიტიკის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანი და სოციალურად დაბალანსებული. ეს ნიშნავს იმის გათვალისწინებას, რომ ყველა ქვეყანას არ აქვს ერთი და იგივე საწყისი წერტილი. ჩვენი პლანეტის დაცვა ერთადერთი არჩევანია და ეს არის ერთადერთი გზა, დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კაცობრიობა. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთგულნი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის.

დასასრულს, ძვირფასო კოლეგებო, რადგან გაერთიანებული სამეფო ემზადება გაერო-ს კლიმატის ცვლილების COP26-ის მასპინძლობისთვის ნოემბერში, ეს ბრწყინვალე შესაძლებლობაა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ – 2021 არის სწორედ მოქმედების წელი“, – განაცხადა კახა კუჭავამ სიტყვით გამოსვლისას.