ქართულმა მხარემ ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში ამერიკულ ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ქართულმა მხარემ ჯანდაცვისა და ადამიანური რესურსების განვითარების სფეროში ამერიკულ ცენტრებთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტში მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული.

მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის; ასევე, ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში – ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას. მათ შორის, რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომლებიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება.

დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება.

სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.

ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.