კახა კოჟორიძე - ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როდის და რა წესით, ეს ქვესაკითხებია, რაზეც მსჯელობა შეიძლება
კახა კოჟორიძე - ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს, როდის და რა წესით, ეს ქვესაკითხებია, რაზეც მსჯელობა შეიძლება

როდესაც ყველა გზას უკეტავ, ადამიანმა შესაძლებელია, მათ შორის, ფორმალური რეგულაციის დარღვევისკენ გადადგას ნაბიჯი, – ასე უპასუხა „ლელოს“ წევრმა, კახა კოჟორიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის შეკითხვას, იზიარებს თუ არა ოპოზიციის სამოქმედო გეგმას, რომ რუსთაველის გამზირი კარვებით გადაიკეტოს.

„ისეთი რეჟიმი უნდა იყოს, რომ ადამიანს დაუმორჩილებლობის გზით სიარული არ მოუწიოს. ასეთ რეჟიმს თუ არ ქმნი, მაშინ ის ადამიანი რაღაცნაირად, თავის გამართლებას შეეცდება, როცა ფორმალურ რეგულაციას დაარღვევს. ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ხელისუფლებას ეკისრება. არც ერთ ნორმალურ მოქალაქეს არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს სურვილი, რომ პოლიციელის მოთხოვნას არ დაემორჩილოს ან რომელიმე საკანონმდებლო რეგულაციას. მე მთელი ჩემი ცხოვრება მაგას მივუძღვენი, რომ სხვებისთვის მომეწოდებინა კანონის დაცვა, მასზე დამორჩილება და რა თქმა უნდა, ამას ასე გავაგრძელებ, მაგრამ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები თავად თუ არ იქნებიან მოქალაქეებისთვის მაგალითის მიმცემი, ეს პრობლემა დარჩება“, – განაცხადა კოჟორიძემ.

გადაცემის წამყვანის, თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ოპოზიციის ქუჩაში გასვლა დიალოგის რესურსის ამოწურვას, კოჟორიძემ აღნიშნა, რომ ეს დიალოგის რესურსის ამოწურვას არ ნიშნავს. 

„ხელისუფლების მხრიდან ჩვენ ვნახეთ უგუნური გადაწყვეტილებების კასკადი და რა თქმა უნდა, ჩემი იმედი შემცირდა, მაგრამ საერთაშორისო კრიტიკის ზვავის წამოსვლის და დღეს მრავალათასიანი მიტინგისა და საყოველთაო პროტესტის ფონზე მაინც მაქვს იმედი, რომ იქნებ, ხელისუფლება გონს მოეგოს და დიალოგისკენ ნაბიჯი გადმოდგას. ის, რომ ოპოზიციამ გარკვეული აქტივობები დააანონსა, იმას არ ნიშნავს, რომ დიალოგი გამორიცხულია. უბრალოდ, პირობა არის მარტივი, რომ ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები გამოუშვას და ამის შემდეგ დიალოგი შედგება“, – განაცხადა კოჟორიძემ.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა ოპოზიციის მხრიდან ვადამდელი არჩევნების სხვა საკითხით ჩანაცვლება მოხდეს, კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩანაცვლების მოთხოვნა არ განიხილება.

„ეს არის საკითხი, რომლის გადახედვაც არ იგეგმება და ვადამდელი არჩევნები როგორ უნდა ჩატარდეს, როდის და რა წესით, ეს უკვე ქვესაკითხებია, რაზეც შეიძლება, მსჯელობა გავაგრძელოთ, მაგრამ ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.