კახა კოჟორიძე - არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიება ღირსების საქმეა
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში კახა კოჟორიძე პრეზიდენტის დავალებით არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატებს შეხვდა და მათგან გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია მოისმინა.
კახა კოჟორიძემ ტატუნაშვილის საქმის გამოძიებას ღირსების საქმე უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს.
„დასანანი და დამაფიქრებელია გამოძიებასთან დაკავშირებით არსებული ის პრობლემები, რაზეც ადვოკატები და ოჯახის წევრები დღეს საუბრობენ. სახელმწიფომ ცხადია მაქსიმუმი უნდა გააკეთოს ამ საქმეზე, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ღირსების საქმე. იმთავითვე ცხადი იყო, რაც მოხდა და პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც ამ საქმეს მკვლელობა ძალიან პირდაპირ უწოდა. ასევე პრეზიდენტმა იმთავითვე განაცხადა, რომ ამ საქმეზე მისი მაღალი მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფოთაშორისი სარჩელი უნდა შეიტანოს. შესაბამისად, ჩვენ ველით, რომ ის პრობლემები, რომლებიც ადვოკატებისა და ოჯახის თქმით არსებობს აღმოიფხვრება და სახელმწიფოს ექნება ღირსეული ისეთი პოზიცია“, – აღნიშნა კახა კოჟორიძემ.