კახა კოჟორიძე ითხოვს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები მეცნიერულად იყოს შესწავლილი
კახა კოჟორიძე ითხოვს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევები მეცნიერულად იყოს შესწავლილი

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კოჟორიძემ და საგზაო უსაფრთხოებისა და ავტოსკოლების ასოციაციის თავმჯდომარემ, ილია მეკოკიშვილიმა​ ავტოსაგზაო შემთხვევების მძიმე სტატისტიკისა და საგზაო უსაფრთხოების რეფორმირებაზე ისაუბრეს.

როგორც კახა კოჟორიძემ აღნიშნა, პრობლემა წლიდან წლამდე ვერ გვარდება, რისი მიზეზიც მძღოლების დაბალი კვალიფიკაციაა.

„მოქმედი და ყველა წინა ხელისუფლების უპასუხისმგებლო, არაკომპეტენტურმა და გულგრილმა დამოკიდებულებამ შედეგად მოიტანა უმძიმესი სტატისტიკა. ამის უმთავრესი მიზეზი არის: ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო შეექმნა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა მძღოლების პროფესიული მომზადების მაღალ სტანდარტს. შედეგად, მძღოლთა მომზადების დაბალი დონე და დაბალი კვალიფიკაცია არის ტრაგედიების ერთ-ერთი მიზეზი; გამოცდების ჩატარების საბჭოური წესი. საგამოცდო ბილეთები იბეჭდება წინასწარ, რასაც იზეპირებს პირი და გადის გამოცდაზე. მსგავსი რამ არ ხდება ევროპის არცერთ ქვეყანაში. ცხადია, წინასწარ დაზეპირებული ბილეთები ვერ უზრუნველყოფს საკითხის სწავლასა და გააზრებას; მოუწერიგებელი გზა და მისი ინფრასტრუქტურა (ნიშნები, მონიშვნა, შუქნიშნები), რაც არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტის მოთხოვნებს; არ არსებობს უწყება, რომელიც აკეთებს ავტოსაგზაო შემთხვევების მეცნიერულ შესწავლას, ანალიზს და პრევენციული ღონისძიებების სისტემურ დაგეგმვას. შსს მხოლოდ სტატისტიკას აღრიცხავს. ვიცით რამდენი გარდაიცვალა და რამდენი დაშავდა. მაგრამ რატომ გვაქვს ასეთი კატასტროფული სტატისტიკა და როგორ გავაკეთოთ პრევენცია, ამაზე არავინ ფიქრობს“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.

მისივე თქმით, „ლელოს“ გუნდმა ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეიმუშავა სისტემური რეფორმა.

„საბჭოური საგამოცდო სისტემის შეცვლა. წინასწარ დაბეჭდილი და დაზეპირებული ბილეთების ნაცვლად, მომავალ კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს მხოლოდ გააზრებული ცოდნის საფუძველზე; მძღოლის პროფესია უნდა გახდეს რეგულირებადი პროფესია, რადგან ის ევროპული სტანდარტით ითვლება მომეტებული საფრთხის პროფესიად; სწავლება ლიცენზირებულ სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლებისგან​; გამოცდა ქალაქის პირობებში. პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპი ქალაქის პირობებში. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა გაზრდილიყო საკვალიფიკაციო მოთხოვნები. დღემდე ეს ვალდებულება არ არის შესრულებული; უნდა შეიქმნას ერთი სამსახური, რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება: შემთხვევების მეცნიერული ანალიზი და პრევენცია, საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგება“, – განაცხადა კახა კოჟორიაძემ.