კახა კალაძე - ჩვენი მიზანია, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები
ქალაქი უნდა ავაშენოთ და განვავითაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გავაკეთოთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ანგარიშის წარდგენა სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართა.
მისი თქმით, 100 დღე ყველა გეგმის შესასრულებლად საკმარისი არ არის, თუმცა მყარი საფუძველია ჩაყრილი დასახული მასშტაბური გეგმების განსახორციელებლად.
„ჩვენ გვსურს, განვახორციელოთ საფუძვლიანი და არა ფასადური ცვლილებები, სწორედ ამიტომ, დავიწყეთ თითოეული მიმართულების შესწავალა და ანალიზი, რათა მტკიცებულებებზე დაფუძნებით შეგვემუშავებინა და გაგვეტარებინა დედაქალაქის მერიის და მისი თითოეული სამსახურის პოლიტიკა და სტრატეგია“, – განაცხადა კალაძემ,
მისი თქმით, აღნიშნული ამოცანის შესასრულებლად, აუცილებელი იყო მართვის მოქნილი მექანიზმი, რისთვისაც სტრუქტურული რეფორმა გატარდა, რომლის მიზანია მოქალაქეზე ორიენტირებული და ეფექტიანი მმართველობის განხორციელება.
„მართვის პოლიტიკა მნიშვნელოვანი მიმართულებაა, პროექტების განხორციელება შეუძლებელია თუ სწორი მართვა არ იქნება. შესაბამისად, ჩვენ განვახორციელეთ სტრუქტურული რეფორმა, რომლის მიზანი მოქნილი მმართველობის განხორციელებაა, დავიწყეთ რეორგანიზაცია თბილისის მერიაში, რომელიც დასრულდა. თუმცა მეორე ეტაპი იწყება სსიპ-ებში, აიპ-ებში და შპს-ებში, რომელიც ღიად და გამჭვირვალედ განხორციელდება და მალე დასრულდება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
როგორც მან აღნიშნა, რეფორმის შედეგად, შეიქმნა ურბანული განვითარების სამსახური, რომელიც ორიენტირებული იქნება ქალაქის სწორ ურბანულ განვითარებაზე.
„ამ სამსახურში მოხდება პოლიტიკის შემუშავება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი დედაქალაქი. ამ მიმართულებით, დღეს არსებობს სერიოზული პრობლემები, მხედველობაში მაქვს ქალაქის ქაოტური განაშენიანება. აღნიშნული სამსახურის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ქალაქი უნდა ავაშენოთ, უნდა განვავითაროთ, მაგრამ ეს ყველაფერი სწორად და ხარისხიანად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, 100 დღიანი მმართველობის პერიოდში, ასევე, გაძლიერდა გარემოსდაცვითი საქმიანობა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რათა განვითარდეს მწვანე ქალაქის კონცეფცია და გაუმჯობესდეს არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა.