კახა კალაძე - ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება
კახა კალაძე - ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის ნოემბერში დასრულდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ძველ თბილისში მასშტაბური პროექტების განხორციელება დაიწყო. მათ შორის, ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები.

თბილისის მერის თქმით, პროექტებზე საერთო ჯამში 102 მილიონი ლარი დაიხარჯება. ორბელიანის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია კი, მომდევნო წლის დასაწყისში დასრულდება.

„ზოგადად, ძველი თბილისის რეაბილიტაცია ჩემს საარჩევნო პროგრამაშიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. მომდევნო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით დაახლოებით, 500 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება გაამახვილა ასევე, ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე და აღნიშნა, რომ საკითხი საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება. კახა კალაძის განცხადებით, ხარისხის კონტროლი პროექტის დასაწყისიდანვე განხორციელდება და ექსპერტიზის ჩატარება პროექტის დასრულების შემდეგ სავალდებულო იქნება.

„ჩვენ რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ განვითარებაზე, წინსვლაზე, აღმშენებლობაზე, თუ არ იქნა ეს ყველაფერი ხარისხიანად შესრულებული, მერწმუნეთ, რომ კაპიკი ექნება იმ პროექტებს ფასი, რომლებსაც ჩვენ განვახორციელებთ. შესაბამისად, ამ მიმართულებით მიდგომებს ყველა დონეზე ვამკაცრებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.