კახა კალაძე - „შტადლერთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს
კახა კალაძე - „შტადლერთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე და პირველად რისი გაკეთებაც დავიწყეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსები მძიმე მდგომარეობაშია. კერძოდ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

„მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს. მძიმე მდგომარეობაშია არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ასევე მგზავრებისთვის არის არაკომფორტული“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება. ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია „შტადლერთან“, რომ სარკინიგზო ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს.

„წელს ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და დედაქალაქს შეემატება 100 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები. დავიწყეთ მუშაობა მეტროს მიმართულებით. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად მსოფლიოში ცნობილ კომპანია „შტადლერთან“. მგონია, რომ ძალიან მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, „შტადლერის“ მეტროს სარკინიგზო ვაგონების წარმოება და აწყობა მოხდება საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დედაქალაქს დაემატა ავტობუსების ახალი მარშრუტები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით პრობლემა მოვაგვარეთ. ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები და რაიონები, სადაც არსებობს პრობლემა, ავტობუსი ვერ მოძრაობს იმის გამო, რომ არ არის საკმარისი ავტობუსების პარკი. თუმცა, იქ, სადაც მოხდა ახალი მარშრუტების დამატება, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია და იმ პროგრამით, როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ, რა თქმა უნდა, ქალაქში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ფეხით მოსიარულეების უფლებების დაცვაზე.

„გუშინ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს, რომ თავიანთ რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთონ ყველა იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც მოუწესრიგებელია ე.წ. ზებრები, რადგან ჩვენ გვაქვს პროექტი, გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ეს პრობლემა მოვაგვაროთ. გაზაფხულიდან უკვე დაიწყება დახაზვითი სამუშაოები, მოეწყობა ლედ-განათებები, რომ ღამითაც ზებრა გადასასვლელები იყოს განათებული და უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ.