კახა კალაძე - დიდია იმის ალბათობა, რომ „შტადლერის“ საწარმო საქართველოში გადმოვიდეს
კახა კალაძე - დიდია იმის ალბათობა, რომ „შტადლერის“ საწარმო საქართველოში გადმოვიდეს

ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ „შტადლერის“ საწარმო საქართველოში გადმოვიდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განუცხდა.

მისი თქმით, თუ კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ქვეყნისთვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

„შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ ვაგონების წარმოება-აწყობა საქართველოში მოხდეს. საუბარია, როგორც მეტროს, ასევე სარკინიგზო ვაგონებზე. თუ ჩვენ ამ მოლაპარაკებებს წარმატებით დავასრულებთ, მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ „შტადლერის“ ვაგონების წარმოება მოხდება საქართველოში და ის მოემსახურება არა მხოლოდ შიდა აუცილებლობას, ასევე მოხდება მისი ექსპორტი რეგიონში და სხვა ქვეყნებშიც“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ავტობუსების საქართველოში აწყობასთან დაკავშირებითაც.

„ჯერ ეს მოლაპარაკებები დასრულებული არ არის, თუმცა, გარკვეულ პრობლემებს ვაწყდებით ინტერესის თვალსაზრისით. ძალიან დიდია ალბათობა, რომ „შტადლერის“ საწარმოს გადმოტანა მოხდეს საქართველოში. ავტობუსებს რაც შეეხება, ინტერესი არ აქვთ ჯერჯერობით, საწარმოს გადმოტანის“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ მეტროს ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდება.