კახა კალაძე - არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მონაწილეობა?  საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით
კახა კალაძე - არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მონაწილეობა? საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით

დღეს დედაქალაქი ისეთ მდგომარეობაშია, საქმე ყველას ეყოფა. ვინმე კარებს რომ გიკეტავდეთ, ფანჯრიდან უნდა შედიოდეთ, თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, – ასე მიმართა საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

საკრებულოში სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

“თუ რამის გაკეთების სურვილი გაქვთ, არ გინდათ სიცოცხლით სავსე ქალაქად გარდაქმნაში მიიღოთ მონაწილეობა? კი ბატონო, საქმე ლაპარაკის ნაცვლად ქენით – ეგეც წაადგება დედაქალაქს“, – მიმართა კალაძემ ოპოზიციას.

კახა კალაძის თქმით, თანამშრომლობა შედგება ნებისმიერ პირთან, რომელსაც ქალაქის პრობლემები აწუხებს.

„ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს არც პარტიული კუთვნილების და არც პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, როგორც ეს ხდებოდა წარსულში. მართლაც გვაქვს ამბიცია, რომ თითქმის სამი ათეული წლის მანძილზე გამჯდარი დაშორიშორების, მიკერძოებისა და გახლეჩილობის მახინჯი პოლიტიკური ტენდენციები ძირფესვიანად აღმოიფხვრას. მე მჭირდება ნებისმიერი სახის თანამშრომლობა მუშაობისას და ზურგით არ ვუდგები აზრიან და საფუძვლიან კრიტიკას. მოგმართავთ აქ წარმოდგენილ ოპოზიციას – ნურც თქვენ დაუდგებით ზურგით რეალობას, იფიქრეთ არა პოლიტიკური ქულების დაწერაზე თქვენივე მომხრეების თვალში, არამედ თბილისის სასიკეთო საქმეებზე, სადაც პირველ რიგში ადამიანები, მოქალაქეები ცხოვრობენ. თუ მართლა გაღელვებთ თბილისის ბედი, სიცოცხლით სავსე ქალაქი კი არ უნდა გწყინდეთ და გაბრაზებდეთ, არამედ ამ ჩანაფიქრის რეალიზებასა და მასში მონაწილეობას უნდა ითხოვდეთ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მას და მის  გუნდს ურთულესი ამოცანა უდგას წინ, რომელსაც აქვს ორი გზა:პირველი კვლავ გარდამავალი პერიოდის ფორმატში, ეპიზოდური, სამეურნეო პრობლემები გადაუწყვიტოს მოსახლეობას.

“ მაგრამ ვირჩევთ მეორე გზას – ძირეული ცვლილებების ფონზე მისცეს დასაბამი დედაქალაქში წესრიგის დამყარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით,  ყველა პრობლემის გადაწყვეტა იწყება განწყობიდან.

“ჩვენ პირველ რიგში უნდა შევძლოთ, ვირწმუნოთ საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობის; გამოვიმუშაოთ რწმენა, რომ ყველაფერს შევძლებთ, დავძლევთ ყველა გამოწვევას, რომ ეს ქალაქი აუცილებლად იქნება – შესაძლებლობით, ენერგიით, თანაგრძნობით,სიკეთით, სიყვარულით და სიცოცხლით სავსე ქალაქი“, – განაცხადა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე.