კახა კალაძე - თბილისის მერია ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს
თბილისის მერია ქალაქში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოსაგვარებლად კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და ერთობლიობაში ის ქმნის პრობლემას, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დღეს გვაქვს.
„ელიავას ტერიტორია ეკოლოგიურ მდგომარეობას ქალაქში ვერ გააუმჯობესებს, ამას სჭირდება კომპლექსური მიდგომები. სხვა ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს და ერთობლიობაში ის ქმნის პრობლემას, რაც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით დღეს გვაქვს. გაუბედურებული, ძველი ავტომობილები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მშენებლობები, ყველაფერი ერთობლიობაში წარმოქმნის პრობლემას, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს. ჩვენ ვგეგმავთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ამასთან დაკავშირებით და უახლოეს დღეებში წარმოგიდგენთ ჩვენს ხედვას. ჩვენ ვიწყებთ სატრანსპორტო პოლიტიკით, რას ვაპირებთ, რა უნდა გავაკეთოთ და ეტაპები იქნება გაწერილი ყველა მიმართულებით. იგეგმება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, ყველა დაპირებას შევასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე, ქალაქში ახალი 100 ავტობუსის შემოყვანის გარდა, სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით რა იგეგმება, მერმა უპასუხა, რომ 100 ავტობუსი არსებულ მდგომარეობას ვერ შეცვლის და სურთ, სრულად ჩაანაცვლონ ავტოპარკი.
„სატრანსპორტო პოლიტიკას რაც შეეხება, თუ რას ვგეგმავთ უახლოეს მომავალში, ჩვენს გეგმას წარმოგიდგენთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.