კაიროში 22 ფარაონის, მათ შორის ერთი ძლევამოსილი დედოფლის მუმიების მსვლელობა გამართეს; ნეშტები ეტლებით ახალ ადგილას გადაასვენეს.
განსაკუთრებული უსაფრთხოების პირობებში, მუმიები ეტლებით კაიროში შვიდი კილომეტრის მანძილზე გაატარეს — ეგვიპტის მუზეუმიდან ახალ, ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნულ მუზეუმში გადაიტანეს.
„ფარაონების ოქროს აღლუმში“ მსვლელობით გაასვენეს 18 ფარაონი და ოთხი დედოფალი; ყველაზე წინ ყველაზე ძველ ფარაონს მიასვენებდნენ; ყოველი მუმია ძველეგვიპტურ სტილში გადაწყვეტილ სხვადასხვა ტრანსპორტში იყო მოთავსებული.
ქორეოგრაფიული ელემენტების შემცველი მსვლელობის ცერემონია პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით.
პროცესია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა და ახალ მუზეუმში მუმიები 21 მისასალმებელი გასროლის შემდეგ შეასვენეს.
პირველ ეტლში ჩასვენებული იყო ფარაონი სეკენენრა ტაა, რომელიც სამხრეთ ეგვიპტეს ძვ. წ. 1560 წლიდან მართავდა, ბოლო ეტლში კი რამსეს IX, რომელიც ძვ. წ. XII საუკუნეში მეფობდა.
მსვლელობაში ასევე მონაწილეობდა კიდევ ერთი დიადი მებრძოლი, ფარაონი რამსეს II, რომელიც ეგვიპტეს 67 წლის განმავლობაში მართავდა და დედოფალი ჰატშეფსუტი — ყველაზე ძლევამოსილი ქალი ფარაონი.
შავდა და ოქროსფერში გადაწყვეტილი ეტლები სპეციალური ამორტიზატორებით იყო აღჭურვილი, რათა მუმიები არ დაზიანებულიყო.
ფარაონთა მუმიების აღმოჩენა 1881 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ, მათი სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ ბევრი დეტალი გახდა ცნობილი.
ცოტა ხნის წინ, ფარაონ სეკენენრა ტაას მუმიაზე ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ, მის ხელებისა და თავის ქალის ნაბზარების 3D ფოტოებმა გამოამჟღავნა, რომ დიდი ალბათობით, ის სიკვდილით დასჯის ცერემონიაზე მოკლეს, მას შემდეგ, რაც ბრძოლაში ტყვედ ჩავარდა.
კაიროს ქუჩებში მსვლელობისას, მუმიები მოთავსებული იყო აზოტით სავსე სპეციალურ კონტეინერებში, ისეთ პირობებში, როგორიც მათ რეგულარულ საგამოფენო ყუთებშია.
ეგვიპტური ცივილიზაციის ახალი ეროვნული მუზეუმი ძველ კაიროში ააგეს, მოიცავს დაბალ, პრიალა ნაგებობებს, რომლებსაც თავზე პირამიდა ადგას.
მუმიები ლაბორატორიაში 15 დღის განმავლობაში გაივლიან აღდგენის პროცესს, შემდეგ კი ახალ სამყოფელში ინდივიდუალურად გამოიფინება.
ეგვიპტური ცივილიზაციის ეროვნული მუზეუმი ნაწილობრივი დატვირთვით 2017 წლიდან ამუშავდა, სრულად კი ახლა გაიხსნა.
უახლოეს თვეებში, ქვეყანაში კიდევ ერთი ახალი სივრცე გაიხსნება, დიდი ეგვიპტური მუზეუმი გიზის პირამიდების სიახლოვეს.
ორივე მუზეუმში გამოიფინება ფარაონთა კოლექცია, მათ შორის სახელგანთქმული ტუტანხამონის განძი.
ფარაონების მუმიები, რომლებიც პროცესიაში მონაწილეობდა
1) სეკენენრა ტაა, ასევე ცნობილი, როგორც „მამაცი“. ის სამხრეთ ეგვიპტეს ძვ. წ. 1560 წლიდან მართავდა და აწარმოებდა ბრძოლებს სემიტური ტომების — ჰიქსოსების წინააღმდეგ, რომლებიც მის ქვეყანაში შეიჭრნენ.
2) დედოფალი იაჰმეს-ნეფერტარი — სეკენენრა ტაას ძლევამოსილი და გავლენიანი ქალიშვილი; იგი დაქორწინებული იყო საკუთარ ძმაზე, იაჰმეს I-ზე, რომელიც მე-18 დინასტიის პირველი ფარაონი იყო.
3) ამენჰოტეპ I — მე-18 დინასტიის მეორე ფარაონი. ის ჯერ ბავშვი იყო, როდესაც გამეფდა და ქვეყანას დედამისის, დედოფალ იაჰმეს-ნეფერტარის დახმარებით მართავდა.
4) იაჰმეს-მერიტამონი — იაჰმეს-ნეფერტარის ქალშვილი; ის ამენჰოტეპ I-ის ცოლი და მისი უფროსი და იყო.
5) თუტმოს I — მე-18 დინასტიის მესამე ფარაონი. ტახტზე ის მას შემდეგ ავიდა, რაც ამენჰოტეპ I მემკვიდრის გარეშე გარდაიცვალა; ეგვიპტის ბატონობა სამხრეთში განავრცო.
6) თუტმოს II – წინა ფარაონის ვაჟი; იქორწინა თავის ნახევარდა ჰატშეფსუტზე.
7) დედოფალი ჰატშეფსუტი — საკუთარი თავი ფარაონად გამოაცხადა, მიუხედავა დიმისა, რომ ძველ ეგვიპტეში ქალებს ამ პოზიციის დაკავება არ შეეძლოთ. თუმცა, ის იმდენად აღზევდა, რომ ძლევემოსილი მონარქი გახდა, რომლის მმართველობისას განხორციელდა მრავალი პროექტი და აღორძინდა სხვა ქვეყნებთან ვაჭრობა.
8) თუტმოს III ახალი სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მებრძოლი ფარაონი იყო; მეგიდოსთან გამართული მისი ბრძოლა სამხედრო სტრატეგიის მოდელად მიიჩნევა.
9) ამენჰოტეპ II — მისი ვაჟი, უბადლო მეეტლე და ათლეტი, განთქმული მშვილდოსანი.
მან ეგვიპტის საზღვრები გაამაგრა და აწარმოებდა სამხედრო კამპანიებს, რომლებმაც ქვეყანას დიდი სიმდიდრე და ძალაუფლება მოუტანა; გარდა ამისა, ლუქსორის სიახლოვეს განავრძო კარნაკის სატაძრო კომპლექსი.
10) თუტმოს IV — წინა ფარაონის ძე.
11) ამენჰოტეპ III — ქვეყანას 37-38 წლის განმავლობაში მართავდა. მისი მმართველობა გამოირჩეოდა მისივე მდიდრული მონუმენტების სიუხვით; მათ შორის არის მემნონის კოლოსი — მისი და მისი მეუღლის გიგანტური ქვის ქანდაკებები ლუქსორის სიახლოვეს.
12) დედოფალი ტიია — ამენჰოტეპ III-ის ცოლი.
13) სეთი I — ფარაონ რამსეს I-ის ვაჟი, რომელიც ქვეყანას სულ მცირე 21 წლის განმავლობაში მართავდა. აწარმოა რამდენიმე სამხედრო კამპანია საზღვრებს მიღმა ეგვიპტის ძალაუფლების ხელახლა დამკვიდრების მიზნით.
მისი საქმიანობისა და გამარჯვებების შესახებ ჩაწერილია კრანაკთან არსებულ ამონის ტაძარში. აღმოჩენისას, მისი სამარხი მეფეთა ხეობაში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული სამეფო აკლდამა იყო.
14) რამსეს II — მეფობდა 67 წლის განმავლობაში; იყო დიდებული მებრძოლი და მშენებელი. მისი ბრძანებით მთელ ეგვიპტეში მრავალი ტაძარი აიგო, მათ შორის არის სახელგანთქმული აბუ-სიმბალი და რამესეუმი, რომელშიც ის დაკრძალეს.
15) მერნეპტაჰი — რამსეს II-ის ვაჟი, მეფობდა 11 წლის განმავლობაში.
16) ფარაონი სეთი II — ფარაონ მერნეპტაჰის ვაჟი.
17) ფარაონი საპტაჰი — ტახტზე ავიდა მე-19 დინასტიის დროს, ჯერ კიდევ მცირეწლოვანი. რეგენტის როლს ასრულებდა მისი დედინაცვალი, სეთი II-ის ცოლი ტაუსერტი.
18) რამსეს III — მე-20 დინასტიის ფარაონი; ცნობილია, როგორც ახალი სამეფოს უკანასკნელი დიდებული მეომარი ფარაონი.
რამდენიმე პაპირუსი იუწყება ე. წ. ჰარამხანის შეთქმულების შესახებ, რომელშიც ჩართული იყვნენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მათ შორის მისი ცოლი, დედოფალი ტიია, რომელმაც ის იმისათვის მოაკვლევინა, რათა ტახტზე მისი ვაჟი პენტავერი ასულიყო.
მუმიის კომპიუტერული ტომოგრაფია მიუთითებს, რომ ფარაონს ყელი აქვს გამოჭრილი უკნიდან მიპარვით.
19) რამსეს IV — მეფობდა მამამისის, რამსეს III-ის შემდეგ, მხოლოდ 6-7 წლის განმავლობაში.
20) რამსეს V — ზეობდა ოთხი წლის განმავლობაში და გარდაიცვალა ტახტის მემკვიდრის გარეშე.
21) რამსეს VI — რამსეს III-ის ერთ-ერთი ვაჟი; მეფობდა რვა წლის განმავლობაში.
22) რამსეს IX — მე-20 დინასტიის მერვე ფარაონი, რომელიც 18 წლის განმავლობაში მეფობდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.