ჯულიან ასანჟს შესაძლოა, ეკვადორის საელჩო დაატოვებინონ. ამის შესახებ ინფორმაციას „ვიკილიქსი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით აქვეყნებს.
გავრცელებული ცნობით, სკანდალური ვებგვერდის დამაარსებელს ლონდონში არსებული დიპლომატიური უწყება შესაძლოა, უახლოეს დღეებში ან საათებში დაატოვებინონ, რის შემდეგაც მას დააკავებენ.
როგორც „ვიკილიქსი” იუწყება, ასანჟის დაკავებასთან დაკავშირებით ბრიტანულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
ეკვადორის საელჩოდან ჯულიან ასანჟის გაძევება სკანდალს უკავშირდება, რომელშიც ეკვადორის პრეზიდენტის ძმის მიერ დაარსებული კომპანია „ინა ინვესთმენთი“ ფიგურირებს. გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, ეკვადორის პრეზიდენტის ძმა, ლენინ მორენო ერთ-ერთი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დროს უკანონო ქმედებებს მიმართავდა, მათ შორის იყო ქრთამის გადახდა ადგილობრივი მაღალჩინოსნებისთვის. სკანდალის აგორების შემდეგ ლათინური ამერიკის ქვეყნის პრეზიდენტს იმპიჩმენტი ემუქრება. ეკვადორის გენერალურმა პროკურატურამ კი, ლენინ მორენოს საქმიანობის გამოძიება დაიწყო.
ჯულიან ასანჟის ადვოკატი აცხადებს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საიდუმლო დოკუმენტების გავრცელებაში ასანჟი გარეული არ არის, რადგან ის ვებგვერდ „ვიკილიქსის“ რედაქტორი აღარ არის.
ასანჟი ლონდონში არსებულ ეკვადორის საელჩოს თავს 2012 წლის შემდეგ აფარებს. სკანდალური ვებგვერდის დამფუძნებელი შიშობს, რომ ეკვადორის საელჩოს დატოვების შემთხვევაში, მისი ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია მოხდება, სადაც საიდუმლო დოკუმენტების გასაჯაროების გამო სამუდამო პატიმრობა ემუქრება.