ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საკონტაქტო ჯგუფის რიგით მე-14 შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი და ავსტრალიის ვიცე-პრემიერი რიჩარდ მარლსი.
უწყების ცნობით, უკრაინის მხარდამჭერმა საერთაშორისო ჯგუფის წევრებმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. მხარდამჭერი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა უკრაინის მოკლევადიან და გრძელვადიან საჭიროებებზე იმსჯელეს.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.