ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნატოს შტაბბინაში, თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა გახსნა.
ლოიდ ოსტინმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილ ვითარებაზე და უკრაინის თავდაცვითი და საწვრთნელი საჭიროებების შესახებ ისაუბრა. უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის წევრმა თავდაცვის მინისტრებმა და თავდაცვის ძალების მეთაურებმა მიმდინარე ომში უკრაინისთვის კოორდინირებული სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს.
უკრაინის საკონტაქტო ჯგუფი, ამერიკის შეერთებული შტატების ინიციატივით, 2022 წლის აპრილში ჩამოყალიბდა და უკრაინის მხარდამჭერ 50-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.
ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.