ჯუანშერ ბურჭულაძე - ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით, ამის საშუალებას აღარ დავტოვებთ
ყველაზე დიდი ნაწილი დღეს სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებს სწორედ ამ ე.წ. რელიგიური თვალსაზრისით. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ აღარ დავტოვებთ და სწორედ ეს იწვევს მღელვარებას, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თავდაცვის კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისი განცხადებით, არანაირი დისკრიმინაციული ელემენტი არ არის სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებთან დაკავშირებით და ეს არის სპეკულირების ერთ-ერთი საგანი.
„ჩვენ საკმაოდ დიდი ჯგუფის შემადგენლობაში საკმაოდ დიდი დრო დავუთმეთ აღნიშნული კანონპროეტის შემუშავებას, ინიცირებას. ფაქტობრივად, საპარლამენტო განხილვები დავიწყეთ და არცერთი რელევანტური შენიშვნა და კითხვა იქ არ ყოფილა. ესეც სპეკულირების ერთ-ერთი საგანია, რომ ვთქვათ, იქნება რაღაც განსხვავებული რეჟიმი. არანაირი განსხვავებული რეჟიმი არ იქნება. პირიქით, ის ხარვეზი, რაც იყო თავის დროზე დაშვებული, ჩვენ არ შევედით კონკრეტულ შემთხვევაში შინაარსში, თუ რა შეიძლება, ყოფილიყო ამის პრიმატი და ჩვენ დავუშვით ის ხარვეზი, რაც მოხდა აქამდე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.