ჯუანშერ ბურჭულაძე - ვმუშაობთ, რათა უფრო განვავითაროთ ჩვენი ჯარი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევქმნათ ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების პირობებში
ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. პრემიერის აქტიური მხარდაჭერითა და მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებით, ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ, საქართველოს თავდაცვის ძალების 32 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვაზიანში, საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეებისთვის შექმნან ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების პირობებში.
„გილოცავთ თავდაცვის ძალების იუბილეს, ქართული ჯარის დაარსებიდან 32 წელს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საამაყო სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის პირველივე დღიდან სამაგალითოდ იცავდნენ და იბრძოდნენ სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობისთვის. დღესაც თითოეული თქვენგანი ღირსეულად აგრძელებთ მხედრულ ტრადიციებს და ქვეყნის წინაშე პროფესიულ სამსახურს.
მინდა, ეს დღე მივულოცო ჩვენს დამსახურებულ ვეტერანებს, რომლებმაც წლების მანძილზე ღირსებით ატარეს სამხედრო მუნდირი და ვალდებული ვართ, ისინი მუდამ დავაფასოთ. თავდაცვის ძალების დღეს ვულოცავ ასევე ჩვენს დაუმარცხებელ დაჭრილ და დაშავებულ მებრძოლებს, რომლებიც საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურნენ სამშობლოს და ზოგიერთი თქვენგანი დღესაც ქვეყნის სამსახურშია.
თავდაცვის ძალების დღეს ქედს ვიხრით ყველა დაღუპული გმირის ხსოვნის წინაშე. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათმა შეუდრეკელმა ბრძოლამ და თავგანწირვამ შექმნა თანამედროვე ქართული სახელმწიფო და ჩვენი ჯარის საამაყო ისტორია. თავდაცვის ძალების თითოეული სამხედრო მოსამსახურე დღესაც ამ სულისკვეთების და პასუხისმგებლობის მატარებელია. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ჯარი და მისი საბრძოლო შესაძლებლობები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს გათვალისწინებით. სწორედ ამიტომ, პრემიერ-მინისტრის აქტიური მხარდაჭერითა და მთლიანად მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ეტაპობრივად გავზარდეთ თავდაცვის სამინისტროს ხარჯები.
გაზრდილი რესურსებით ჩვენ კიდევ უფრო აქტიურად შევასრულებთ, პარტნიორებთან ერთად შემუშავებულ თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების 10-წლიან გეგმას. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ და თანამედროვედ აღვჭურვოთ ისეთი პრიორიტეტული მიმართულებები, როგორებიც არის ჯავშანსაწინააღმდეგო, ჰაერსაწინააღმდეგო, საარტილერიო და სადაზვერვო საშუალებები.
ჩვენთვის ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შევქმნათ სამხედრო მოსამსახურეებისთვის ყველა პირობა, რათა მათ იმსახურონ თანამედროვე, ნატო-ს სტანდარტების პირობებში. მათი დაფასების კუთხით, ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია მახათას მთაზე დასრულებული საბინაო მშენებლობა და სხვა სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ბატონი პრემიერ-მინისტრის მიერ დამკვიდრებული მიდგომა – ყველაფერი საუკეთესო ჯარს, კვლავ მთავარი სამოქმედო პრინციპია. ჩვენ ასევე თანმიმდევრულად ვზრდით ხელფასებს და ეს მომავალშიც გაგრძელდება. სოციალური უზრუნველყოფის ვალდებულებები უკვე თავდაცვის ახალი კოდექსითაც იქნება გათვალისწინებული. ამასთან ერთად, ახალი კოდექსით ჩვენ ვქმნით სრულიად მოქნილ და საჭიროებებზე მორგებულ წვევამდელთა ეროვნულ სამსახურს, რათა ჩამოვაყალიბოთ ძლიერი რეზერვი და განვამტკიცოთ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა.
ჩვენი ჯარის განვითარების და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების გზაზე გაწეული პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ნატო-ს, მის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს.
დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა, მოვიგონოთ ჩვენი დაღუპული გმირები და მივულოცოთ მათ ოჯახებს დღევანდელი დღე. გილოცავთ, წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.