ჯუანშერ ბურჭულაძე - უახლოეს მომავალში ყველა ბაზაზე ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა გვექნება
სულ მალე ჩვენ გვექნება ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ყველა ბაზაზე, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის ბოლომდე ისეთი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდება, როგორიც ვაზიანის, სენაკის, კრწანისის, ქუთაისის კადეტთა კორპუსის, გორისა და საარტილერიო ბაზებია.
„ამასთან, არსებითი ნაბიჯები გადაიდგა და მომავალშიც გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, მათ შორის, სასწავლო-საწვრთნელი ბაზის გაუმჯობესებისა და სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებები“, – განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, სატრანსპორტო შესაძლებლობების განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საბჭოთა მოძველებული ტექნიკა უახლესი სატრანსპორტო საშუალებებით ჩანაცვლდა.
„დღეისთვის თავდაცვის ძალებს უკვე მიღებული აქვს 500 ერთეულამდე მსოფლიო ბრენდების, გერმანული „მანი“, იტალიური „ივეკო“ და ამერიკული „ფორდის“ მარკის სპეციალური დანიშნულების ტექნიკა. ამ პოლიტიკას გავაგრძელებთ. ჩვენ ეტაპობრივად განვაახლებთ საბჭოთა მოძველებულ ტექნიკას და თანდათანობით ჩვენი ქვედანაყოფები უახლესი, მსუბუქი და მაღალი გამავლობის სპეცტექნიკით აღიჭურვება“, – აღნიშნა მინისტრმა.