ჯუანშერ ბურჭულაძე - შეიქმნა ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს
შექმნილია ქართულ-პოლონური საწარმო, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე უპილოტო თვითმკვლელი და სადაზვერვო საფრენი აპარატების წარმოებას უზრუნველყოფს. საწარმო აღჭურვილი იქნება თანამედროვე ტექნოლოგიებით. ასევე, საწარმოს ბაზაზე შეიქმნება შესაბამისი ინვენტარით კარგად აღჭურვილი სასწავლო ცენტრი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია შპს „დელტა ვებე“ წლის ბოლომდე უკვე გამოუშვებს ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს.
„დაწყებულია მუშაობა არსებული თვითმავალი საარტილერიო სისტემების რემონტისა და განახლების კუთხით. პარალელურად, მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული საარტილერიო დანადგარების თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემაში ჩართვის მიმართულებით, რაც საშუალებას იძლევა, გაიზარდოს დაზიანების სიზუსტე და შემცირდეს ცეცხლის წარმოების დრო. მიმდინარეობს მუშაობა ნაღმმტყორცნების, მათ შორის მობილური/თვითმავალი ნაღმმტყორცნების წარმოებასა და შეძენაზე“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
მინისტრის განცხადებით, „თბილავიამშენისა“ და „დელტას“ მხარდაჭერით, აქტიურად გრძელდება არსებული საფრენი აპარატების აღდგენა-რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის სამუშაოები.
„გაიმართა ექვსი ერთეული „სუ-25“-ის ტიპის თვითმფრინავი, ასევე ოთხი ერთეული „მი-24“, სამი ერთეული იროკეზი UH-1H და ან-2 ტიპის თვითმფრინავები. ეს პროცესი გრძელდება და დაგეგმილია დანარჩენი საავიაციო საშუალებების მოდერნიზება/განვითარება. დაიწყო ნატოს სტანდარტების ავტომატური GI-4 ტიპის შაშხანების წარმოების პროცესი. მიმდინარეობს დამზადებული 5 ერთეული ნიმუშის ტესტირება სხვადასხვა მეთოდით. იარაღების გამოცდის შემდეგ, საწარმო დაიწყებს სრულყოფილ ფუნქციონირებას. ბოლო წლებში „დელტას“ მიერ წარმოებული დიდგორის დაახლოებით 50 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაცია უკვე გადაეცა თავდაცვის ძალებს და ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება. დელტა ტექსტილის მიერ სამხედრო მოსამსახურეებისთვის მაღალი ხარისხის ქართული პროდუქციის წარმოება, უკვე წარმატებით მიმდინარეობს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.