საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომას დაესწრო.
უწყების ხელმძღვანელმა დეპუტატებს დახურულ ფორმატში თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ და დაგეგმილ სახელმწიფო საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.
თავდაცვის მინისტრმა ნდობის ჯგუფის წევრებთან ერთად რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და არსებული საფრთხეები განიხილა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნის მიერ არჩეული კურსის ერთგულებას და გადაიფარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გრძელვადიანი დაგეგმვის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას, მდგრადობისა და შეკავების გაძლიერებას და თავსებადობის უზრუნველყოფას.
შეხვედრას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და მინისტრის მოადგილეები დაესწრნენ.
„ჩვენ, როგორც თავდაცვის კომიტეტთან, ასევე ნდობის ჯგუფთან გვაქვს საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა, ჩართული არიან ჩვენს ყოველდღიურ მოღვაწეობაში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ გასული წლის შედეგებზე, იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც დავუსახეთ და შევასრულეთ, ასევე იმ პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც დასახული გვაქვს, ასევე ვისაუბრეთ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივებზე. ჩვენ გამოვეცით თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი და 2021-2025 წლების 4- წლიანი გეგმა. ეს არის საჯარო დოკუმენტები, სადაც განსაზღვრულია ჩვენი საბრძოლო შესაძლებლობების პრიორიტეტებიც. ასევე იცით, რომ პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტად 2019 წლიდან იქცა ჯარისკაცზე ზრუნვა. ესეც არის ჩვენი პრიორიტეტი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.