ჯუანშერ ბურჭულაძე - ორ წელიწადში, გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად, ფაქტობრივად სრულიად გვექნება დაცული თბილისის ცა, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ბაზები
ორ წელიწადში, გაფორმებული შესყიდვების მიღების შედეგად, ფაქტობრივად სრულიად გვექნება დაცული სამივე ეშელონი თბილისის ცა, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, აეროპორტები, სამხედრო ობიექტები და სხვა. ეს არასოდეს ყოფილა საქართველოში და ჩვენ ამას მივაღწევთ, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.
ამასთან, გადაცემა „იმედი ლაივში“ ჯუანშერ ბურჭულაძემ ისაუბრა თავდაცვის საშუალებების ადგილობრივი წარმოების შესახებაც. ბურჭულაძის თქმით, სამინისტროსთვის ეს პრიორიტეტული მიმართულებაა და დრონების წარმოებაზე გააკეთა აქცენტი.
„ჩვენ ომამდე გვქონდა უკვე მოლაპარაკებები პოლონურ კომპანიასთან, რომელიც იყო ძალიან წარმატებული ამ მიმართულებით. დავაფუძნეთ ერთობლივი საწარმო „დელტაში“. ომის შემდეგ, ფაქტობრივად, რამდენიმე წელი უნდა ელოდო, რომ მიიღო რამე შეიარაღება, თუმცა ჩვენ ომამდე გვქონდა დაწყებული პროცესი და ამან ძალიან დაგვაწინაურა შესყიდვებში, ასევე წარმოების მიმართულებით. „დელტაში“ უკვე სატესტო სწავლებაც გვქონდა აქ ნაწარმოები უპილოტო საშუალებებით. რამდენიმე დღის წინ ვაზიანის ბაზაზე სწავლებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. გარდა ამისა, შაშხანების ძალიან ამბიციური პროექტი გვაქვს. მოვითხოვეთ, რომ ნატო-ზე უფრო მეტი სიმკაცრის სტანდარტებით იწარმოოს პროდუქცია ჩვენთან. ამ მიზანს მივაღწევთ და გვექნება ადგილობრივი წარმოების შაშხანები და დრონები“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.