საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწეს პოლიტიკური ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა მოსაზრებები გაცვალეს რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომს. მხარეებმა გამოხატეს ურყევი მხარდაჭერა, სოლიდარობა უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსთვის ალიანსის გაძლიერებული პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით.
ასევე, განიხილეს თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები, მათ შორის ალიანსის გადაწყვეტილება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში პრაქტიკული დახმარების კიდევ უფრო გაღრმავებისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.