ჯუანშერ ბურჭულაძე - გენერალ კვინიტაძის თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი
ჯუანშერ ბურჭულაძე - გენერალ კვინიტაძის თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი

განუზომლად დიდია გენერალ გიორგი კვინიტაძის დამსახურება პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებაში და საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თაოსნობით შექმნილი მდიდარი მხედრული ტრადიციები და მემკვიდრეობა ყოველთვის იქნება ჩვენი ჯარისკაცების საბრძოლო სულისკვეთების ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სამების საკათედრო ტაძარში გენერალ კვინიტაძის გამოსვენების ღონისძიებაზე.

მან ქვეყნისა და შეიარაღებული ძალების წინაშე გენერლის ღვაწლის შესახებ ისაუბრა.

„გენერალი კვინიტაძე არის სიმამაცის, პატრიოტიზმის, პროფესიონალიზმის სიმბოლო, რომელიც ბოლომდე იბრძოდა სამშობლოსთვის. ემიგრაციაში მყოფს, მას არასოდეს დაუკარგავს რწმენა, რომ ქართველი ხალხი კვლავ მოიკრებდა ძალას და დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. შეგვიძლია, სიამაყით განვაცხადოთ, რომ მისი რწმენა და იმედი სრულად გამართლდა და საქართველო, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, აგრძელებს დემოკრატიულ განვითარებას“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ კადეტთა ლიცეუმი გენერლის სახელს ატარებს და მისივე სახელობის მედლით ქართველი ოფიცრები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისათვის ჯილდოვდებიან.

საქართველოს ეროვნული გმირი, გენერალი გიორგი კვინიტაძე საბოლოო გზაზე სამების საკათედრო ტაძრიდან ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე გენერლის ოჯახის წევრებმა გააცილეს.