ჯუანშერ ბურჭულაძე - ეროვნული გვარდიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრების განვითარება და უფრო მეტი საშუალებებით აღჭურვა იგეგმება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აქტიური რეზერვის მიმართულებით განხორციელდა მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმები და შეიქმნა პროგრამის განხორციელების ეფექტური შესაძლებლობები. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, იგეგმება ეროვნული გვარდიის ბაზაზე არსებული სასწავლო ცენტრების განვითარება და უფრო მეტი საშუალებებით აღჭურვა.
„ეროვნულ გვარდიაში წარმატებით იქმნება სამობილიზაციო რეზერვის შესაბამისი საინფორმაციო ბაზა, რაც გააადვილებს საჭიროების შემთხვევაში საჭირო სამხედრო ცოდნისა და პროფესიების მოქალაქეების იდენტიფიცირებას და კონვენციური ძალების სწრაფ და უწყვეტ შევსებას. სავალდებულო სამსახურის მიმართულებით, შემუშავდა თავდაცვის კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც მზადაა ინიცირებისათვის. ჩამოყალიბდება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, რომლის ვადაც იქნება 12-ის ნაცვლად 8 თვე და მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. ახალგაზრდები გაივლიან მაღალი დონის საწყისს საბრძოლო მომზადებას (BCT), სამსახურის პერიოდში შეასრულებენ მხოლოდ სამხედრო ამოცანებს. თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს მოხალისეთა და საზოგადოებრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ეროვნულ გვარდიაში უკვე ჩამოყალიბებულია მოხალისეთა ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახური, რომელიც უშუალოდ არის ჩართული მოხალისეთა ორგანიზაციების თავდაცვის ძალებში ინტეგრირების პროცესში“, – განაცხადა მინისტრმა.