ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს შეგვიძლია, სიამაყით ვთქვათ, რომ ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, გასულ ორ წელიწადში 180 მილიონი ლარი დაიხარჯა, ხოლო მიმდინარე წელს გამოყოფილია 80 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ „მინისტრის საათის“ ფორმატში, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკური საშუალებების განვითარების მნიშნელობაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილის სრული რეაბილიტაცია უკვე განხორციელდა.
მისი განმარტებით, დღეს ჯარისკაცებს აქვთ მოდერნიზებული, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
„გარემონტებულია ყველა მოქმედი ყაზარმა, სასადილო. მოეწყო ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა შიდა სივრცე. ინფრასტრუქტურის განვითარება და მშენებლობა კვლავ აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ბურჭულაძის თქმით, იგეგმება სპეციალური ოპერაციების ძალების, აღმოსავლეთ საქართველოში კადეტთა სამხედრო ლიცეუმის, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის, ასევე ლოჯისტიკური უზრუნველყოფის ობიექტების ინფრასტრუქტურის განვითარება.
თავდაცვის მინისტრმა ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, ლოჯისტიკური შესაძლებლობების განახლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და ამ კუთხით მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა აღნიშნა. მან ყურადღება გაამახვილა თავდაცვის სამინისტროს მსოფლიო და ევროპულ ლიდერ მწარმოებლებთან ნატო-ს სტანდარტების ლოჯისტიკური საშუალებების შეძენის კუთხით თანამშრომლობაზე. მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ლოჯისტიკური და ტექნიკური საშუალებების მოდერნიზებაც.