ჯუანშერ ბურჭულაძე - დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია
ჯუანშერ ბურჭულაძე - დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებზე ზრუნვა თავდაცვის სამინისტროს სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ყოველწლიურად, შპს „რეაბილიტაცია-ადაპტაციის ეროვნულ ცენტრთან“ დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია დაშავებული სამხედროების საპროტეზო-ორთოპედიული საჭიროებების დაკმაყოფილება, ასევე გერმანულ კომპანიასთან ერთად ეტაპობრივად განხორციელდება პროთეზების განახლება და მისი საგარანტიო მომსახურება.

ასევე, დაჭრილი მებრძოლების მხარდასაჭერად აქტიურად მუშაობს „დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“.

ჯუანშერ ბურჭულაძემ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო-სარეაბილიტაციო აპარატურით და ადაპტირებული სივრცეებით.

მისი განცხადებით, ცენტრით სარგებლობენ, როგორც ქართველი დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები, ასევე დაჭრილი და დაშავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები.

მინისტრის განმარტებით, თავდაცვის უწყება აპირებს სარეაბილიტაციო ცენტრის გაფართოებას და მომავალში 70-მდე დაშავებული სამხედრო მოსამსახურის ოჯახების მიღებას შეძლებს.