ჯუანშერ ბურჭულაძე - აქტიურად ვთანამშრომლობთ სამხრეთ-აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით
თავდაცვის უწყების გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებაზე საუბრისას, ჯუანშერ ბურჭულაძემ ყურადღება გაამახვილა სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარებაზე, რაც მისი თქმით, თანამედროვე ომში კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების საგანი ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებია, ასევე, რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებაა. ყველამ კარგად ვნახეთ, ამ ტიპის იარაღის მნიშვნელობა რეგიონულ და გლობალურ კონფლიქტებში. შესაბამისად, თავდაცვის ძალების ბრძოლისუნარიანობის გაძლიერების კუთხით იგეგმება მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საშუალებების შესაძენად, ასევე, მათი წარმოების შესაძლებლობების შესაქმნელად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ხარისხიანი და შესაბამისი მოცულობის მიწოდების უზრუნველსაყოფად, მინისტრმა მოწვეულ სტუმრებსა და საზოგადოებას მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივ, „დელტას“ ბაზაზე წარმოების დაწყების შესახებ აცნობა.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ და მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამხრეთ-აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან, „დელტას“ ბაზაზე მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით. ამ მიზნით, წელს ვგეგმავთ ხელშეკრულების გაფორმებას და მომდევნო წლიდან პროდუქციის გამოშვებას“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, თანამედროვე სისტემების შეძენა, დანერგვა და განვითარება საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების პრიორიტეტია. ამასთან, აღნიშნა, რომ სისტემები მნიშვნელოვნად დაეხმარება თავდაცვის ძალებს სადაზვერვო შესაძლებლობების გაძლიერებაში და გამოყენებული იქნება სხვადასხვა სახის წვრთნებში.