„ჯორჯიან მანგანეზი“ - ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია ჭიათურაში ოთხ მაღაროს დროებით ხურავს
ქვეყანაში მეტეოროლოგიური პირობების მკვეთრად გაუარესებამ სამთო-მოპოვებით ობიექტებზე უსაფრთხოების რისკები გააჩინა, რის გამოც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით დახუროს ჭიათურაში მოქმედი ოთხი მაღარო, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა.
„უხვმა ნალექმა ე.წ. ვაკე-ტყეების მიმდებარე ტერიტორიაზე ნაპრალები წარმოშვა. ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგად წარმოქმნილ რისკებს სპეციალურად მოწვეული გეოლოგები შეაფასებენ. თანამშრომელთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მაღაროების დახურვა პრევენციული ხასიათისაა. პროცესების შესწავლისა და უსაფრთხოების შესაძლო რისკებთან დაკავშირებული რეკომენდაციების მიღებამდე სამუშაო პროცესი შეჩერდება“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.