მედიის ცნობით, აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში შტორმისა და ქარბუქის გამო 92 ადამიანი დაიღუპა
მედიის ცნობით, აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში შტორმისა და ქარბუქის გამო 92 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ში გასული კვირის განმავლობაში მეტეოროლოგიური პირობების გამო 92 ადამიანი დაიღუპა. მედიის ცნობით, შტორმისა და ქარბუქის გამო, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა ტენესის შტატში, 16 კი – ორეგონში, სადაც ამ დრომდე ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობა.

უამინდობის გამო ასევე მსხვერპლია მისისიპის, ილინოისის, პენსილვანიის, ვაშინგტონის, კენტუკის, უისკონსინის, ნიუ იორკისა და ნიუ ჯერსის შტატებში. ორეგონის ქალაქ ორტლენდში სამი ადამიანი დენის დარტყმით დაიღუპა, როდესაც ძლიერმა ქარმა ელექტროსადენები დააზიანა. ქვეყნის მასშტაბით ათობით ათას ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია. 45 ათასი ადამიანი ორეგონში ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ასევე ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემებია პენსილვანიაში, კალიფორნიაში, ნიუ მექსიკოსა და ინდიანაში.

მეტეოროლოგების პროგნოზით, უახლოეს დღეებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მატება და წვიმა, რამაც, შესაძლოა, ქვეყნის შუა დასავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობა გამოიწვიოს.