ჯონდი ბაღათურია - ვერ ვხედავ საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციას იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას
მე ვერ ვხედავ საზოგადოების სერიოზული ნაწილის კონსოლიდაციას იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „ტრიბუნა“ განაცხადა.
„საერთოდ, ქვეყნის მომავალს ვერ ვხედავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. ამიტომ, სუფთა რაციონალურად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ჯერჯერობით წარუმატებლად, მაგრამ ვცდილობთ, საზოგადოებას შევთავაზოთ ქვეყნის განვითარების გზა „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე და მოკავშირეები ვერ ვიშოვეთ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
მისი თქმით, დღეს მთავარი პრობლემა არის ის, რომ დიალოგი არ არსებობს და დიალოგიდან გავიდა ხელისუფლება, რომელიც თვითონ უნდა ცდილობდეს თუნდაც დიალოგს დიალოგისთვის, რადგან ეს პირველ რიგში, მას აწყობს.
„რატომ გააკეთა ეს? რომ ვთქვათ, „ქართული ოცნება“ დიდი ბრძნული გადაწყვეტილებებით გამოირჩევაო, არა, მაგრამ ეს იმდენად პრიმიტიული რამ არის, არ მგონია, არ ესმოდეთ“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორია „ქართული დასის“ ხედვა ე.წ. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ გერმანულ მოდელზე საუბარი წყლის ნაყვაა, რადგან ხელისუფლებამ დიალოგის კარი დახურა.
შეკითხვაზე, არსებობს თუ არა ხელისუფლების იძულების საშუალება, „ქართული დასის“ ლიდერმა აღნიშნა, რომ ხელისუფლების იძულების საშუალება ქუჩაში 100 000 კაცის გამოსვლა იქნებოდა.
„სააკაშვილისგან განსხვავებით, ეს ხელისუფლება ამაზე რეაგირებს, მაგრამ ამ რაოდენობის ხალხის გამოყვანა შეუძლებელია იქ, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ამას ხომ ვხედავთ?! როცა ხალხი ვერ შეაგროვეს, 20-30-კაციანი ჯგუფებით მიდიან და მათ ამ თამაშში ხელისუფლებაც აჰყვა, რადგან ორივე სარგებლობს. მიშა და ბიძინა ახლა ერთმანეთს ასაზრდოებენ. ორი უკიდურესობა -„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს ასაზრდოებს. უკიდურესობა ცდილობს, უკიდურესობა შეინარჩუნოს და შუა გაიკრიფოს, რადგან თუ შუაში რამე გაჩნდა, მაშინ ის უკიდურესობაც არ არის. გინდა, არ გინდა, ზიარჭურჭლის პრინციპია და მათ სხვა გზა არ აქვთ. ახლა „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, სააკაშვილის გარეშე სხვა რამე არ შეიკრიბოს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.
ჯონდი ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის ამბობს – საქართველო „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ გარეშე, მაგრამ ამაში მოკავშირეს ვერ ხედავს.
„მიშასა და ბიძინას კინკლაობაში ჩარევა მიმაჩნია, რომ შეცდომაა და მოკავშირეს ვერ ვხედავ. რეალურად, ერთმანეთის კონკურენტები არიან არა ლიბერალები და ეროვნული ძალები, არამედ კონსერვატიული ძალები, რომლებიც თუ ცალ-ცალკე გამოდიან, ერთმანეთის ხმები მიაქვთ. ჩვენ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როცა მოკავშირე გჭირდება და ახლა ჩვენი საზრუნავი ის არის, ამ თამაშიდან მაქსიმალურად ნაკლები ზიანით გამოვიდნენ ჩვენი კოლეგები, რომლებიც იდეოლოგიურად, ცნობიერებით ერთნაირად ვაზროვნებდით და რომლებიც ახლა იქ დასხდნენ. იმიტომ, რომ ასეთი სიით ესენი ვერ გავლენ, გინდა, არ გინდა, ეს დაიშლება და მერე უნდა ეძებონ მოკავშირე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.