ჯონდი ბაღათურია - შეიძლება, გიხაროდეს ხელისუფლების დასუსტება, მაგრამ არ უნდა გიხაროდეს ხალხისა და შენი სახელმწიფოს დასუსტება
ჯონდი ბაღათურია - შეიძლება, გიხაროდეს ხელისუფლების დასუსტება, მაგრამ არ უნდა გიხაროდეს ხალხისა და შენი სახელმწიფოს დასუსტება

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია აცხადებს, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის პროექტში ნახსენები თანხა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა „კოვიდის“ ფონდში.

„ეს ძალიან მცირე თანხაა, უფრო ნაკლებია, ვიდრე მაგალითად, ივანიშვილმა გადარიცხა „კოვიდ-19“-ის ფონდში, 33 მილიონი დოლარი გადარიცხა „კოვიდის“ ფონდში. ანუ, ეს არ არის საქართველოსთვის ის თანხა, რომელზეც ასეთი ჟივილ-ხივილი უნდა ატეხო ერთის მხრივ და მეორეს მხრივ, რატომ უნდა გიხაროდეს. ჩემი კოლეგების ერთმა ნაწილმა, რომლებიც არიან ოპოზიციაში, მაგრამ ჩვენი ოპონენტები არიან, ვერაფრით გაიგეს განსხვავება სახელმწიფოსა და ხელისუფლებას შორის. შეიძლება, გიხაროდეს ხელისუფლების დასუსტება, მაგრამ არ უნდა გიხაროდეს ხალხისა და შენი სახელმწიფოს დასუსტება.

შეერთებული შტატების კონგრესმენთა ის ნაწილი, რომლებიც ღიად ცდილობენ ქვეყნის საქმეებში ჩარევას და რომლებიც ცდილობენ, მართლმსაჯულებაზე ზეგავლენა იქონიონ, პირდაპირ მოითხოვენ პატიმრობაში მყოფი იმ პირების გათავისუფლებას, ვის მიმართაც ქართული საზოგადოების 80 თუ 90 პროცენტში არ არის აბსოლუტურად ნეგატიური განწყობა, ეს სულ არ აჩენს განცდას ქართულ საზოგადოებაში, რომ ვინმე ზრუნავს ქართულ დემოკრატიაზე ან ქართულ სახელმწიფოსა და ხალხზე.

მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. ამიტომ, როცა ჩვენ ვხედავთ, რომ ერევიან მართლმსაჯულებაში, მერე არადამაჯერებლად ჟღერს ის, რომ ვინმეს აღელვებს ქართული დემოკრატიის განვითარება. თუმცა საქართველოში დემოკრატია რომ მოიკოჭლებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“, – აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტმა გამოაქვეყნა საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტი 2021 ფისკალური წლისთვის. აღნიშნული კანონპროექტი სახელმწიფო დეპარტამენტის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და აქტივობების დაფინანსებას ითვალისწინებს. ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. ამასთან, გამოქვეყნებული დოკუმენტი დაფინანსების ნაწილის შეჩერებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტში ნათქვამია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ ეს მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს: ა) დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად; ბ) მთავრობაში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის ანტიკორუფციული კანონებისა და რეგულაციების გამოყენებით; გ) იმის უზრუნველსალყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს, მათ შორის საუბარია უცხოური ბიზნესის დევნისგან თავისუფალი საქმიანობის, ასევე საქართველოში ჩადებული ინვესტიციების შედეგად მიღებული კომერციული და ფინანსური სარგებლის სრული რეალიზების უფლებების დაცვაზე. ბოლო პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსების შეჩერება არ ვრცელდება პროგრამებზე, რომლებიც მხარს უჭერს დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ან პროგრამებზე, რომელიც მიმართულია გენდერული ნიშნით ძალადობის შემცირებისკენ და მოსახლეობის მოწყვლადი ჯგუფების დაცვისკენ. ამასთანავე, სახელმწიფო მდივანს შეუძლია, უარი თქვას აღნიშნული პუნქტის გამოყენებაზე, თუკი განსაზღვრავს და ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს წარუდგენს, რომ ამის გაკეთება მნიშვნელოვანია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.