ჯონდი ბაღათურია - დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია მუშაობდა არა საზღვრის დადგენაზე, არამედ ის ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებას
ჯონდი ბაღათურია - დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია მუშაობდა არა საზღვრის დადგენაზე, არამედ ის ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებას

დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია მუშაობდა არა საზღვრის დადგენაზე, არამედ ის ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებას, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„კომისია ასრულებდა პრეზიდენტ სააკაშვილის მითითებას იმის შესახებ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთი დიდი ნაწილი, მათ შორის სტრატეგიული სიმაღლე, როგორც ამას სააკაშვილი თვითონ ამბობს, აზერბაიჯანისთვის გადაეცათ და როგორც 2007 წლის ინტერვიუში ასევე თავად სააკაშვილი ამბობს, ის პრეზიდენტ ალიევს მოელაპარაკა, როცა ის საქართველოში იმყოფებოდა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის 2007 წლის განცხადება არის აღიარებითი ჩვენება, რომ ის აპირებდა, მეზობელი აზერბაიჯანისთვის გაბატონებული სიმაღლე დაეთმო.

„მოდით, ამ საქმეს ჩამოვაშოროთ წმინდა მორალურ-ზნეობრივი მხარე და დავიწყოთ იმით, რომ ურწმუნო, ურჯულო და უშუბლისძარღვო, მაგრამ მაინც პრეზიდენტი და მთავარსარდალია ხომ?! ქვეყნის მთავარსარდალი ამბობს, რომ მეორე ქვეყნის მთავარსარდალი მისგან სამხედრო უპირატესობას და გაბატონებულ სიმაღლეს მოითხოვს; ის ამბობს, რომ შეუთანხმდა და ამ გაბატონებულ სიმაღლეს გადასცემს მეორე ქვეყნის მთავრსარდალს. ვის წინააღმდეგ შეიძლებოდა, დასჭირვებოდა ჩვენი მეზობელი და მართლაც პარტნიორი ქვეყნის პრეზიდენტს გაბატონებული სამხედრო სიმაღლე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, როცა იქ ახლომახლო არც სომხეთია, არც რუსეთი, არც საფრანგეთი და არც გერმანია? თავისთავად ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის ეს განცხადება არის აღიარებითი ჩვენება, რომ ის აპირებდა, მეზობელი აზერბაიჯანისთვის გაბატონებული სიმაღლე დაეთმო“, – განაცხადა ბაღათურიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად იყო საკმარისი მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება, თუნდაც პრეზიდენტებს შორის, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ ზეპირსიტყვიერი შეთანხმება აბსოლუტურად არ იყო საკმარისი.

„იურიდიულად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, საქართველო აზერბაიჯანს შორის ამ საზღვრის დადგენის საკითხში ლეგიტიმური მხოლოდ და მხოლოდ ორი დოკუმენტია; ერთი ეს არის 1996 წელს პრეზიდენტ გაიდარ ალიევსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დაზუსტების საკითხში 1938 წლის მდგომარეობით უნდა იხელმძღვანელონ. ეს არის მდგომარეობა, როცა 1938 წელს საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები შეთანხმდნენ, საზღვრები დაადგინეს და ამას საფუძვლად დაედო რუკა“, – განაცხადა ბაღათურიამ.

როგორც „ქართული დასის“ ლიდერმა აღნიშნა, მათი სახელმძღვანელო რუკა ორი იყო – 500 000-იანი მასშტაბის, რომელიც 1938 წელს იყო დაბეჭდილი და 1937 წელს დაბეჭდილი 200 000-იანი მასშტაბის რუკა.

„რუკა უამრავია, მაგრამ აქ რომელიმე სხვა რუკის მაგიდაზე ყურით შემოთრევა აბსოლუტურად არარელევანტურია და არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს. რუკა უამრავია, ზოგი 1927 წლის რუკაზე ლაპარაკობს და ზოგი 1921 წლის რუკაზე, მაგრამ 1927-28 წელს საქართველოს სახელმწიფო საერთოდ არ არსებობდა და ის 1921 წლის ანექსიის შემდეგ 1936 წელს შეიქმნა. ეს იყო ახალი კონსტიტუცია, როცა ე.წ სტალინის კონსტიტუცია მიიღეს და მაშინ ერთი რესპუბლიკა იყო, ამიერკავკასიის – საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის, ცენტრი კი თბილისში იყო. ასე რომ, ზოგიერთი რომ რაღაც 1927-28 წლის რუკებზე ბოდავს, ეს უბრალოდ, სამტრედია-ხონს შორის ადმინისტრაციული საზღვრების ამბავია, ერთ რესპუბლიკას შორის რაღაც ადმინისტრაციული საზღვრები და არა სახელმწიფოებს შორის საზღვრები“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ჯონდი ბაღათურიამ ასევე აღნიშნა, რომ საზღვრის დადგენაზე ერთადერთი ლეგიტიმური შეთანხმება, რაც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა და მას შემდეგ ეს არ გადახედილა, იყო საქართველოს, აზერბაიჯანს და სომხეთს შორის 1938 წლის შეთანხმება.

„იქ წერია არა მხოლოდ რუკა, არამედ მდგომარეობით. იმიტომ, რომ იქ მერე ოქმები გაფორმდა – დაზუსტდა მდგომარეობით და ის მდგომარეობა ჩვენ სასარგებლოდ არის“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, 1938 წელს გამოშვებული რუკა 500 000 მასშტაბის იყო, რომელზეც ადამიანის მიერ ხელქმნილი არც ერთი ობიექტი არ არის დატანილი.

„იქ არაფერი არ არის დატანილი – ტაძარი, მონასტერი და ა.შ. ეს იმდენად დიდი მასშტაბის რუკაა, რომ ჩანს მდინარე, ჩანს ქედი, რომლის სიმაღლეც კი არ ჩანს და ა.შ. იმისთვის, რომ ამ რუკის დეტალიზაცია მომხდარიყო, უნდა ესარგებლათ 1937 წელს დაბეჭდილი უფრო მსხვილი მასშტაბის რუკით, რომელიც 200 000-იანი მასშტაბისაა და, სადაც ცხადად და გასაგებად ჩანს, რომ საზღვარი ქედის ქვევით გადის და დაახლოებით, 400-500 მეტრის იქით, ვიდრე არის უდაბნოს მონასტერი. სააკაშვილი რომ ლაპარაკობს ქედზე, ეს ქედი არის სიგრძეზე გაწელილი ორი ფერდობი. ერთი ფერდობის ქვევით არის ლავრა და ქედზე რომ ავდივართ, იქიდან მეორე ფერდობი იწყება. ისიც იყო და არის საქართველოს ტერიტორია, მაგრამ პრეზიდენტის მითითებით აი, ამ მხარის დათმობის მცდელობა ჰქონდა იმ „ღრმად პატივცემულ“ კომისიას და „ღრმად პატივცემულ“, სახელმწიფო ღალატში ბრალდებულებს, ბატონ მელაშვილსა და ქალბატონ ილიჩოვას“, – განაცხადა ბაღათურიამ.

ბაღათურიამ ისაუბრა იმაზეც, თუ რაში ედება ბრალი კომისიის ყოფილ წევრს, მელაშვილს და რაც მისი აზრით, რეალურად მოხდა.

„რადგან 500 000-იანი მასშტაბის რუკაზე არ ჩანდა, საზღვარი ზუსტად სად გადიოდა, რადგან არ აწყობდათ, იმიტომ, რომ პრეზიდენტის მითითება იყო, მაღლობი აზერბაიჯანისთვის მიეცათ, ეს 200 000-იანი რუკა გადამალული იქნა. მელაშვილს ეს რუკა სამუშაო მაგიდაზე არ მიჰქონდა. ახლა ის რომ ამბობს, არ დამიმალია, ოთახში მქონდაო, ოთახში რომ ჰქონდა, იქ ხომ არ მიჰქონდა, სადაც მეორე მხარესთან შეხვედრა იყო? მან გააკეთა ე. წ ვიკაპიროვკა – 500 000 მასშტაბის რუკიდან ის ფრაგმენტი თვითონ ამოხაზა და თვითონ გაავლო ხაზი ისე, როგორც ზევიდან ჰქონდა დავალებული და ჩიჩხიტურის და უდაბნოს მონასტერი აზერბაიჯანის მხარეს მოაქცია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტი და კომისია ცდილობდა, საქართველოს ტერიტორიის ხარჯზე აზერბაიჯანისთვის დაეთმოთ გაბატონებული სამხედრო სიმაღლე, რითაც ისინი სამხედრო უპირატესობას მოიპოვებდნენ.

„კი, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მართლაც პარტნიორები ვართ, მაგრამ თეორიულად, თუ ვინმე ამის გამოყენებას მოინდომებს, თავისუფლად შეიძლება, ე.წ. ზალპური არტილერიის დანადგარებიდან იქიდან თბილისი დაიბომბოს, თუ იმ მწვერვალს რომელიმე სამხედრო შენაერთი დაიკავებს“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.