საარჩევნო ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა წარადგინა
საარჩევნო ბლოკმა „ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა ,,ჯონდი ბაღათურია-ქართული დასი“ სისხლის სამართლის პოლიტიკის რეფორმა წარადგინა. ბაღათურია ცვლილებებს რევოლოციურს უწოდებს, განსაკუთრებით 55-ე მუხლის აღდგენას.

მისი განმარტებით, 55-ე მუხლის თანახმად, მოსამართლეს ეძლევა უფლება, პროკურატასთან შეთანხმებისა და საპროცესო გარიგების გარეშე გამოიტანოს უფრო დაბალი სასჯელი, ან ბრალდებული გაათავისუფლოს. ამასთან, რეფორმის თანახმად, გაუქმდება ოჯახში ძალადობის 126-ე მუხლი, რადგან ის ქართული ოჯახის სიწმინდეს ეწინააღმდეგება.

,,ცვლილებები, რომლებიც ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ დიამეტრალურად ცვლის სისხლის სამართლის პოლიტიკას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსში 55-ე მუხლის აღდგენა. ეს არის მუხლი, რომელიც მოსამართლეს აძლევს საშუალებას განსასჟელის პიროვნებიდან გამომდინარე, გამოიტანოს უფრო მსუბუქი სასჯელი, თუ ამას ითვალისწენებს მუხლი, რომელიც მას აქვს წაყენებული. ამ მუხლის აღდგენა საშუალებას მისცემს პატიმრებს, თავისი უფლებები დაიცვან და მიიღონ უფრო შემსუბუქებული სასჯელები პროკურატურისა და საპროცესო შეთანხმებების გარეშე. ეს არის რადიკალური ცვლილება, სადაც მოსამართლის როლი მართლმსაჯულებაში იქნება გამოკვეთილი და მოსამართლე სასჯელის გამოტანის დროს აღარ იქნება დამოკიდებული პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმებაზე.

მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ვაუქმებთ ეგრეთ წოდებულ 126-ე მუხლს, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის ქართული ოჯახის ტრადიციის წინააღმდეგ მიმართული და თუ ძალადობას აქვს ადგილი, ეს მუხლი გადადის 117-ში. დანარჩენ შემთხვევაში, 126-ე მუხლით გასამართლებული პირები- ყველანი იქნებიან გათავისუფლებულნი“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.