ჯონდი ბაღათურია - რაც ხდება, არის როგორც ხელისუფლების უნიათობის, ასევე ჩვენი ბრალი
ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ რაც ხდება, არის როგორც ხელისუფლების უნიათობის, ასევე ჩვენი ბრალი, – ამის შესახებ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტთან „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში არ არსებობს საქართველოზე უფრო მებრძოლი და ღირსეული ქვეყანა. ამასთან, აღნიშნა, რომ რაც დღეს ხდება, ქვეყნის გაყოფას ნიშნავს.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე მინდა გითხრათ, რომ ის, რაც ხდება, არის როგორც ხელისუფლების უნიათობის ბრალი, ასევე ჩვენიც. ეს იმის ბრალია, რომ ტელევიზორიდან ვგულშემატკივრობთ ერთმანეთს. ქართველის ნათქვამია – „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირიო“ და ჩვენც ველოდებით, სანამ ეს ჭირი ჩვენი ოჯახის კარზე არ დააკაკუნებს. დღეს ის დღეა, როცა ამ ჭირმა ყველას კარზე დააკაკუნა. ვხედავთ, რომ ერთმა მუჭამ, ბოროტმა მადიდებლებმა თავზე დაიმხეს ჩვენი ქვეყანა, რომელიც წარსულში მხოლოდ გმირების არ იყო, ჩვენი ქვეყანა დღესაც გმირების ქვეყანაა. მსოფლიოში არ არსებობს ჩვენზე უფრო მებრძოლი და უფრო ღირსეული ქვეყანა. ნუ ვეყრდნობით მხოლოდ საკუთარ ძალას. მართალია, მაგარი ბიჭები ვართ, მაგრამ უფრო მაგარი ბიჭები ვართ ერთად როცა ვდგავართ, ერთ მუშტად შეკრული.
მინდა, მოგიწოდოთ, დღეს რაც ხდება, ქვეყნის გაყოფაა. ჩვენ ხალხმა უნდა ავიღოთ ხელში პირდაპირი დემოკრატიის განხორციელება. ეს არის ხალხის კონსტიტუციური უფლება. ყველა ქართველი და არა ქართველი, განსაკუთრებით ოსებსა და აფხაზებს მინდა მოვუწოდო, რომ გამოვიდნენ ქუჩაში. უნდა დავიკავოთ ეს ადგილი და მოვითხოვოთ ხელისუფლებისგან მშვიდობიანი არჩევნების გზით წასვლა.
ჩვენ ვდგავართ ისეთი პოლიტიკური პროცესის გზაზე, როცა დღეს პირველად გაგვიჩნდა შანსი, ხალხმა თავისი პოლიტიკური პარტიები გაიყვანოს პარლამენტში. უნდა ვცადოთ ეს არჩევნების გზით, თუმცა უნდა ვიყოთ მზად, რათა მშვიდობიანი, კანონიერი, კონსტიტუციური გზით, პირდაპირი დემოკრატიის გზით ხალხმა აიღოს ძალაუფლება ხელში. მინდა გთხოვოთ, დღეიდან იყოთ ყურადღებით. ეჭვი მეპარება, რომ ყველა არხმა გააშუქოს, მაგრამ მინდა გთხოვოთ, გადავერთოთ საზოგადოებრივ არხსა და ობიექტივზე. იქ ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ მცირე ინფორმაცია მაინც გავიგოთ. ეს არის ჩვენი ადგილი და არა იმათი, ვისაც ჭიაკოკონობა აქვთ გამართული. დღეს ერთ მუშტად შეკრულები ერთად გავიყვანთ ჩვენს ქვეყანას სამშვიდობოზე“, – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.