ჯოჯოხეთის ჭა იემენში — შეუსწავლელი ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელსაც ადგილობრივები შემზარავ ლეგენდებს უკავშირებენ #1tvმეცნიერება
ჯოჯოხეთის ჭა იემენში — შეუსწავლელი ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელსაც ადგილობრივები შემზარავ ლეგენდებს უკავშირებენ #1tvმეცნიერება

ბარჰაუტის ჭა აღმოსავლეთ იემენში მდებარეობს; ხშირად ჯოჯოხეთის ჭასაც უწოდებენ. ეს ბუნებრივი საოცრება ნაკლებად არის შესწავლილი და მის შესახებ მრავალი ლეგენდა დადის.

გიგანტური ხვრელი მაჰრას პროვინციის ერთ-ერთ უდაბნოში, ომანის საზღვართან, ქვეყნის დედაქალაქ სანადან 1300 კილომეტრში მდებარეობს. სიგანეში 30 მეტრია, სიღრმეში კი 100-250 მეტრამდე უნდა იყოს.

ადგილობრივი ხალხური გადმოცემის მიხედვით, ის დემონებისთვის განკუთვნილი ციხე იყო; ასეთი რეპუტაციის მიზეზი ხვრელიდან ამომავალი საშინელი სუნი გახდა.

იემენის ხელისუფლების განცხადებით, არ იციან, რა იმალება ჭაში.

„ძალიან ღრმაა. ამ ხვრელის ფსკერამდე არასოდეს ჩავსულვართ, რადგან იქ ცოტა ჟანგბადი და ჩახუთულობაა“, — ამბობს მაჰრას პროვინციის მინერალურ რესურსთა სამმართველოს ხელმძღვანელი სალეჰ ბაბჰაირი.

მისივე განცხადებით, ჭაში ჩასვლა ერთხელ სცადეს, მაგრამ მხოლოდ 50-60 მეტრ სიღრმემდე ჩავიდნენ. ამბობს, რომ ამის შემდეგ იქ უცნაური რამეები შენიშნეს. იდგა საშინელი სუნიც.

სტრუქტურაში მზის სინათლე შორს ვერ აღწევს და მაღლიდან ბევრი არაფერი ჩანს, გარდა იმისა, რომ იქ ჩიტები ფრინდებიან და კვლავ ამოდიან.

ვიდეოგრაფები აღნიშნავენ, რომ ჭაში გადაღება თითქმის შეუძლებელია, რადგან ადგილობრივი ცრურწმენის მიხედვით, ჭამ შეიძლება მის სიახლოვეს მისული ობიექტები შეიწოვოს.

ბაბჰაირის განცხადებით, ჭა მილიონობით წლისაა.

„ეს ადგილი ბევრ სამეცნიერო კვლევას მოითხოვს“, — ამბობს იგი.

საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემა თქმულებები, რომ ჭაში ზებუნებრივი არსებები, ჯინები ცხოვრობენ.

ბევრი ადგილობრივი არა თუ ხვრელთან მიახლოებას, არამედ მის შესახებ ლაპარაკსაც ვერ ბედავს. ეშინიათ, რომ ამ ჭამ შეიძლება მათ ბედისწერაზე იმოქმედოს; არსებობს ლეგენდა, რომ ის საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს მთელ დედამიწაზე.

თავად იემენს მართლაც ცუდი ბედი ერგო.

2014 წლიდან ქვეყანაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს მთავრობასა და ჰუსიტ აჯანყებულებს შორის.

გაერო-ს განცხადებით, იემენში მსოფლიოში ყველაზე მწვავე ჰუმანიტარული კრიზისია; სამოქალაქო ომს ათობით ათასი ადამიანი ემსხვერპლა, მილიონობით ადამიანი დევნილად იქცა, 30-მილიონიანი მოსახლეობის ორი-მესამედი კი რაიმე სახის დახმარებაზეა დამოკიდებული.

მომზადებულია AFP-ის მიხედვით.